• Geo
  • Eng
01.07.2014
სპარინგი ბრიუგესთან

ბრიუგე ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და უძველესი გუნდია, რომელიც 1891 წელს გახლავთ დაარსებული. ბრიუგე ბელგიის 13-გზის ჩემპიონია. 10-ჯერ ფლობდა ქვეყნის თასს. ბრიუგეს ოქროს ხანად 70-იანი წლებია მიჩნეული როდესაც გუნდს ლეგენდარული ერნსტ ჰაპელი ხელმძღვანელობდა. სამშობლოში მიღწეული წარმატებების გარდა იმ პერიოდში ბელგიელებმა ჩემპიონთა თასის (1978 წელი) და უეფას თასის (1976 წელი) ფინალურ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლივერპულთან დამარცხდნენ. სწორედ მაშინ თამაშობდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და რეკორდსმენი- იან კულემანსი, რომელიც გუნდში 13 სეზონის მანძილზე გამოდიოდა,  400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 200-მდე ბურთი გაიტანა. კულემანსი ბელგიის ნაკრების რეკორდსმენიც გახლავთ 96 მატჩით.

 

 

ბელგიის ჩემპიონატში ქალაქ ბრიუგეს კიდევ ერთი გუნდი სერკლ ბრიუგე წარმოადგენს, რომელიც სხვათაშორის ახალი სეზონისთვის მზადებას დინამოელების მსგავსად ჰოლანდიურ ჰოენდერლოოში გადის. ორივე ბრიუგე საშიანაო მატჩებს იან ბრეიდელის სტადიონზე მართავს, რომელიც ქალაქის საკუთრებაა და 30 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

 

 

ბრიუგე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ფეხბურთელი ჰყავს წარგზავნილი ავსტრალიელი მეკარე- მეტიუ რაიანი და კოსტა რიკელი მცველი- ოსკარ დუარტე. სწორედ დუარტე იქნა გაძევებული საბერძნეთთან პენალტების სერიაში მოგებულ მერვედფინალში.

ბრიუგეს წარსულში ცნობილი ბელგიელი მეკარე- მიშელ პრუდომი ავარჯიშებს. პრუდომი დიდი ხნის მანძილზე ნაკრებში ჟან-მარი პფაფის დუბლიორი გახლდათ. ამ უკანასკნელის მიერ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი წინამორბედის მსგავსად ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მეკარედ მიიჩნეოდა. 1994 წლის მუნდიალზე იგი საუკეთესო მეკარედ აღიარეს. მიშელ პრუდომი წვრთნიდა სტანდარტს (რომელსაც 25 წლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოუტანა), გენტს, ტვენტეს.

 

 

გასულ სეზონში ბრიუგე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. მომავალი სეზონისთვის მზადების ეტაპზე გუნდმა ორი მატჩი გამართა, 6:0 მოუგო ქვედა ლიგის ოუდენაარდს და 1:1 ითამაშა ვესტერლოსთან. ბელგიის ჩემპიონატი სტარტს 26 ივლისს აიღებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024