• Geo
  • Eng
07.10.2011
ექსკლუზივი ალექს გარსიასთან:

თბილისის "დინამოს" ისტორიაში რიგით მეექვსე უცხოელმა მწვრთნელმა (დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდს ვგულისხმობთ), ესპანელმა ალექს გარსიამ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი ამა წლის ივნისის დასაწყისში ჩაიბარა.

დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, "ბარსელონას" საკლუბო სტრუქტურაში ნამუშევარი 41 წლის სპეციალისტის საქართველოში ჩამოსვლას უხმაუროდ ნამდვილად არ ჩაუვლია (ისე როგორც, ოდნავ მოგვიანებით თბილისის "დინამოში" მისი თანამემამულე ფეხბურთელების - ჩისკოს, კოტოს, იაგუესა და ალვაროს გამოჩენას).

ივნისის დასაწყისიდან დღემდე გარსიას გაწეულ სამუშაოს თუ გადავხედავთ, "დინამოს" ხელმძღვანელობასა და გუნდის ერთგულ გულშემატკივრებს ერთი შეხედვით, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ "დინამომ" საკმაოდ წარმატებულად ითამაშა ევროტურნირებზე და სულ მცირედი დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

ამას გარდა, "დინამო" შიდა ასპარეზზეც ამართლებს ფავორიტის სტატუსს და რვა ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში სრულიად დამსახურებულად იმყოფება. თუმცა, იმის თქმაც ძნელი იქნება, თითქოსდა, "დინამოს" თამაში იდეალურთან მიახლოებულია.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისათვის ახალ გუნდში გატარებული ოთხი თვე ის დრო არ არის, საკუთარი იდეების სრული რეალიზება რომ მოახდინოს (იმავეს ვიტყოდით "დინამოს" ესპანელ ლეგიონერ ფეხბურთელებზეც). მით უფრო, როცა ქართველებს თითქმის ყველაფერში მაქსიმალიზმი გვჩვევია, თანაც, არ დაგავავიწყდეს, რომ "ჩვეულებრივ" გუნდზე კი არა, "დინამოზეა" ლაპარაკი, - სამი სეზონი ჩემპიონობას რომ ვერ ახერხებდა.

უცხოელი მწვრთნელისგან (და არა მხოლოდ საქართველოში) ყოველთვის განსაკუთრებულს მოელიან, უცხოელი ფეხბურთელებისგანაც არანაკლებს, მით უფრო, როცა ეს მოთამაშეები თანამემამულე მწვრთნელის რეკომენდაციით არიან გუნდში ჩარიცხული. "დინამოს" შემთხვევაში კი, არ დავმალავთ და, აზრთა სხვადასხვაობაა: ზოგი ფიქრობს, რომ ოთხივე ესპანელმა ფეხბურთელმა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი გააძლიერა, ზოგის აზრით, ამ ოთხიდან მხოლოდ ორია (ჩისკო, ალვარო) იმ დონის, რასაც მოველოდით. უფრო ზუსტად, დანარჩენი ორი ესპანელი ფეხბურთელი (კოტო, იაგუე) აქაურებს "ათი თავით" მართლაც ვერ ჯობნიან (ამბობენ, ესეც დროის ამბავიაო) და "დინამოს" საშინაო მატჩებზე ხან "შეპარვით", ხან კი ღიადაც შეაქვთ ეჭვი იმავე კოტოსა თუ იაგუეს საფეხბურთო შესაძლებლობებში.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "დინამოს" ესპანელ თავკაცთან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა. ინტერვიუზე უარი არ უთქვამს - ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვისაუბროთო; თუმცა, თავიდანვე მოგვიბოდიშა - სამიოდე დღით ესპანეთში მივდივარ და აეროპორტში მიმეჩქარებაო. ჰოდა, რაც "მოვასწარით", აი, სწორედ იმას შემოგთავაზებთ. მანამდე კი, ამ ინტერვიუს მომზადებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ალექს გარსიას თანაშემწეს გიორგი ყოლბაიასა და "დინამოს" პრესატაშეს გიგა გვენცაძეს.

- ჩვენი წინა შეხვედრისას (ევროტურნირების დაწყებამდე) გვითხარით, რომ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დინამოელთა ტექნიკური განსწავლულობა, უსიამოვნოდ კი თქვენი ახალი გუნდის ფეხბურთელების საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტი მიიჩნიეთ. სამი თვის შემდეგ რას გვეტყოდით?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ადაპტაციის პროცესი გავლილია; თუ გახსოვთ, მაშინ ისიც გითხარით, რომ ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ მეტოქესთან "დინამო" მხოლოდ და მხოლოდ აგრესიულ, ანუ შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა. რა თქმა უნდა, წინსვლა არის - ბევრ გოლს ვიტანთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები გავუშვათ; თუმცა, იმასაც ვაღიარებ, რომ სტაბილურობა გვაკლია.


- "თბილისი-მერიოტში", თქვენი წარდგენისას ბრძანეთ, რომ საქართველოში ტიტულების მოსაპოვებლად ჩამოხვედით. თუმცა, იქვე, დასძინეთ, რომ პირველსავე წელს მაინც და მაინც საერთაშორისო ასპარეზზე ტრიუმფს ნუ მომთხოვთო. ტრიუმფის რა გითხრათ, მაგრამ წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამოს" გამოსვლა, საერთო შეფასებით, წარმატებული იყო.
- კარგია, რომ ჩვენს შრომას ბევრი ხედავს და ამჩნევს. რა თქმა უნდა, ევროპის ლიგაზე "დინამოს" ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მაინც ჩვენი არჩეული კურსის ერთ-ერთი ეტაპია; მიხარია, რომ გუნდის შედეგიანობამ საგრძნობლად მოიმატა და თუ არ ვცდები, საწყის ეტაპებზე 18 გოლი ჩვენს გარდა არავის გაუტანია. თანაც, არც ის იყო პატარა ამბავი, როცა "დინამოს" საშინაო მატჩებს 40 000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა.

- "დინამოს" შემტევი სტილი ყველას მოგვწონდა, მაგრამ არც იმის დაუნახაობა იქნებოდა, როცა ჩვენს მეტოქეებსაც უამრავი მომენტი ექმნებოდათ. ანუ, დაცვის ხაზში არსებული პრობლემებს ვგულისხმობთ.
- შემტევი სტილიო, თქვენ თვითონ ბრძანეთ; სწორედ შეგინიშნავთ, თანაც მოგეხსენებათ, რომ გუნდში მოსვლის პირველი დღიდანვე "დინამომ" ახალი ტაქტიკური განლაგებით (4-3-3) დაიწყო თამაში. არც უარვყოფთ, რომ ერთობ რისკიანი ტაქტიკაა, მაგრამ არჩეული გეზის გადახვევას არ ვაპირებთ და გარწმუნებთ, დროთა განმავლობაში ამ პრობლემაზე საუბარი აღარ მოგვიწევს.


- ევროტურნირებზე "დინამოს" თამაშში შემტევი სტილის გარდა თვალშისაცემი სხვაც იყო: ჩვენი ფეხბურთელები "ნორმაზე" მეტ ყვითელ და წითელ ბარათებს იღებდნენ და ამის გამო, ყოველ მეორე-მესამე შეხვედრაში არაოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა გიხდებოდათ.
- სხვათა შორის, ეგ მეც მიკვირდა, არადა აგრესიული სტილი სულაც არ ნიშნავს, თითქოსდა, უხეშად ვთამაშობდით. მეტსაც გეტყვით: ევროტურნირების მატჩებისას ჩვენ ფეხბურთელებს უფრო მეტი მოხვდათ ფეხებში, ვიდრე მეტოქეებისას, მაგრამ...


- ჰო, მაგრამ, რამდენჯერმე სრულიად უწყინარ სიტუაციაშიც გაუძევებიათ "დინამოს" ფეხბურთელები.
- ალბათ, ჯიღაურისა და კაკუბავას შემთხვევებს გულისხმობთ, - ნუ დაგავიწყდებათ, რომ 19-20 წლის ბიჭები არიან და გამოუცდელობის გამოც გააძევეს ორივე მოედნიდან.

- ევროტურნირებიდან საქართველოს ჩემპიონატზე "გადმოერთეთ" და იმის მიუხედავად, რომ დღესდღეობით ლიდერები ხართ, საწყის ტურებში თქვენი გუნდი ცოტა არ იყოს, დამძიმებული ჩანდა.
- ეს მოსალოდნელიც იყო - ფეხბურთელები ფორმის პიკზე სწორედ ევროტურნირების მატჩების დროს იმყოფებოდნენ. ამას გარდა, სხვა ფაქტორებიც იყო...


- კერძოდ?
- იცით, ძალიან ძნელია როცა ერთ თამაშზე 40 000 კაცი ქომაგობს და უცბად, რამდენიმე დღეში 500-კაციანი აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ.

- მოედნების ფაქტორი?
- ეს, საერთოდ, ცალკე თემაა და კარგია, თქვენც რომ აღნიშნეთ. არავის მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, მოედნის საფარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, სტუმრად რამდენიმე თამაში ისეთ მოედნებზე ჩავატარეთ, ჩვენს ტექნიკურ ფეხბურთელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

- გულახდილად გვითხარით: იქნებ, იმასაც ფიქრობდით, რომ ეროვნული ჩემპიონატში ადვილი მატჩები გექნებოდათ?
- საქართველოში ჩამოსვლის დღიდან მსგავსი არაფერი მითქვამს, უბრალოდ, აქაურობა (საფეხბურთო სამყაროს ვგულისხმობ) ბოლომდე არ გამიცნია.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩების წინ მოტივაციის ნაკლებობაც ხომ არ იგრძნობოდა?
- არც ამაში დაგეთანხმებით: ნებისმიერ მეტოქეს პატივს ვცემთ და მეც და ჩემი გუნდის ფეხბურთელებიც ყველა აქაური შეხვედრის წინ ისეთივე განწყობით გამოდიან, როგორიც, ვთქვათ, ბერძნულ აეკ-ის ჰქონდათ. კიდევ ვიმეორებ: ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა აქაური "მძიმე სტარტი"; რაც მთავარია, ვარჯიშებზეც და უშუალოდ მატჩების დროსაც თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს იმის შესრულებას, რასაც მწვრთნელები ვითხოვთ.

- თქვენს თანამემამულე ფეხბურთელებზე უნდა გკითხოთ: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ჩისკო პირველი ფეხბურთელია, მანამდე ტოპ-ლიგაში (პრიმერა-დივიზიონი) რომ უასპარეზია. ანუ, რა დასამალია და "ვალენსიას" ყოფილი ვარსკვლავისგან აქაც ზღაპრულ თამაშს ელოდნენ...
- ჩისკოსაც და სამივე დანარჩენ ჩემს თანამემამულე ფეხბურთელს უამრავ "სიკეთესთან" ერთად ერთი, თანაც განსაკუთრებული პლუსი აქვთ - ნახევარდაცვა იქნება თუ თავდასხმა, ყველა პოზიციაზე ჩვენ შემტევ პოტენციალს საგრძნობლად აძლიერებენ.


- ევროტურნირებზე ორი-სამი შეხვედრა და აქაურ ასპარეზზე ბოლო ორი მატჩი (თასზე - "დილასთან" ჩემპიონატში - "სიონთან") ჩისკომ მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა.
- ყველა მატჩს ერთსა და იმავე დონეზე ვერ ჩაატარებ, თუმცა ჩისკოს ოსტატობაში ეჭვის შეტანა უადგილოდ მიმაჩნია და აი, ნახავთ, მცირე დროის მერე როგორ ათამაშდება.

- ამ გამოცდილი ფეხბურთელის შესაძლებლობებზე ჩვენც მაღალი აზრი გვაქვს, თუმცა ისიც გვაინტერესებს, თუ რომელია ჩისკოსთვის ყველაზე ოპტიმალური ამპლუა?
- ჩისკოსთვის მართლაც ზედგამოჭრილია ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკა: უნივერსალური თვისებებიდან გამომდინარე მისი გამოყენება ნახევარდაცვაშიც შეიძლება, გარემარბადაც და ცენტრფორვარდადაც. თანაც, როცა ასეთი მრავალმხრივი ფეხბურთელი გვყავს, გუნდის შემადგენლობაში როტაციის საშუალებაც ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია.

- ნებისმიერ ქვეყანაში ლეგიონერებისგან "განსაკუთრებულ" ასპარეზობას ითხოვენ; ყოველ შემთხვევაში, ოსტატობით ადგილობრივებს არ უნდა ჩამორჩებოდნენ. კიდევ ერთ ესპანელზე, ალვაროზე პრეტენზია, ალბათ, არავის ექნება; რასაც, სამწუხაროდ, კოტოსა და, განსაკუთრებით იაგუეზე ვერ ვიტყვით.
- ასეთ მკაცრ შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით; ჯერ ერთი, კოტოც და იაგუეც იმიტომ დავიმატეთ, რომ, შესაბამისად, გარემარბის და ცენტრფორვარდის პოზიციების გაძლიერება გვსურდა. კოტო ახალგაზრდა ფეხბურთელია, დროც სჭირდება, ბოლომდე რომ "გაიხსნას" და "შესაფერისი"... მოედანიც.

- ისე, "ტორპედოსთან" წაგებულ მატჩში კოტოს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, ხოლო იაგუემ საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლიც გაიტანა. თუმცა, ქართველ ქომაგთა არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ესპანეთიდან ჩამოყვანილი ცენტრფორვარდი ბევრად უფრო შედეგიანად და საერთოდაც, გამორჩეულადაც უნდა თამაშობდეს...
- მოდი, ასე გიპასუხებთ: მართალია, ბევრი გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ, გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია და მოედანზე არც "შავი სამუშაოს" შესრულებას თაკილობს. იგივეს თქმა შემიძლია კოტოზეც, რომელიც ფლანგებზე პროდუქტიულად ირჯება.

- კარგი, თემა შევცვალოთ; სამწუხაროდ, კიდევ ბევრი კითხვა გვქონდა, მაგრამ თქვენს მდგომარეობაშიც შევდივართ და მადლობის მეტი რა გვეთქმის - აეროპორტში მიგეჩქარებათ და ჩვენთან სასაუბროდ დრო გამონახეთ.
- არ არის პრობლემა, რამდენიმე წუთი არაფერს წყვეტს.

- ჩვენი საუბრის განმავლობაში სიტყვა "დრო" არაერთხელ ახსენეთ. კონკრეტულად შეგიძლიათ (გნებავთ - მიახლოებით) ის პერიოდი დაასახელოთ, ჟურნალისტებსა თუ გულშემატკივრებს "დინამოს" ირგვლივ ამდენი კითხვა რომ აღარ ექნებათ?
- კონკრეტულ თარიღს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, თუმცა მართლაც მერამდენედ ვიტყვი, რომ ახლებური ტაქტიკის სრულყოფილად ასათვისებლად მართლაც გარკვეული დრო არის საჭირო. ამას გარდა, არც იმას დავმალავ, რომ გუნდში ბევრი რამეც შესაცვლელია.

- მხოლოდ "რაიმე" არის შესაცვლელი თუ ვინმეც?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება - ასეც და ისეც; ოღონდ, მერწმუნეთ, ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ გუნდის გაძლიერების საწინდარი იქნება.

- თქვენი საუბრიდან ადვილი მისახვედრია, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დინამოში" ახალი ფეხბურთელები უნდა გამოჩნდნენ. კვლავაც ესპანელების დამატებას აპირებთ?
- არა, ქართველებით გავძლიერდებით!

- საერთოდ, მწვრთნელები კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ ხოლმე, მაგრამ მაინც გვაინტერესებს, თუ რომელი ფეხბურთელი მიგაჩნიათ დღევანდელ "დინამოში" გუნდის ლიდერად?
- გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე კარიერის პიკზე იყოფება და ყველა მატჩში ნებისმიერ თანაგუნდელს იმის მაგალითს აძლევს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ჭეშმარიტმა პროფესიონალმა. ძალიან გამიხარდა, საქართველოს ნაკრებში რომ გამოიძახეს - ჩემი აზრით, კოშკაძე ამას ნამდვილად იმსახურებდა. გიორგი ლორიაზეც მინდა ვთქვა - ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურაზე და დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს.

- ბოლო კითხვაც: "დინამოში" გადმოსვლამდე რეხვიაშვილი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თანაც საკმაოდ წარმატებით. თქვენი ხელმძღვანელობით კი მუდამ მარცხენა მცველად ასპარეზობს...
- რეხვიაშვილი სწორედაც მარცხენა მცველად წარმომიდგენია და არც იმას დაგიმალავთ, რომ ამ პოზიციაზე ძალიანაც მომწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 07-10-2011        ავტორი  :  გია ტუხაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024