• Geo
  • Eng
23.09.2011
დაუმარცხებელი დღე და ისტორიული თარიღი

დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დინამო თბილისი მარტვილის მერანს 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე  უმასპინძლებს. ეს მატჩი ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ეგიდით გაიმართება.
მარტვილის გუნდი აქამდე დინამოს არ შეხვედრია. ბოლო შეხვედრაში მერანმა საკუთარ მინდორზე გორის დილას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2-2 დამთავრდა.
დინამომ თავისი ისტორიის მანძილზე  25 სექტემბერს 10 შეხვედრა გამართა და არასოდეს დამარცხებულა.  გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში 4 თამაში ჩაატარა, ბურთების შეფარდებით 7-1 თბილისელთა სასარგებლოდ. მეათე ჩემპიონატის მეექვსე ტურში 1998 წელს, დინამომ ბათუმელ სეხნიებს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. დარჩენილ სამ თამაშში კი წარმატება თბილისელებს ხვდათ წილად. 1992 წელს მეოთხე ჩემპიონატის მეექვსე ტურში ზესტაფონის მარგვეთი დაამარცხეს ანგარიშით 2-0. მეთექვსმეტე ჩემპიონატის მერვე ტურში 2004 წელს  გორის დილას უმასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. 2009 წელს კი ოცდამეერთე ჩემპიონატის მერვე ტურში თანაქალაქელი ლოკომოტივი მიიღეს და ანგარიშით 1-0 გაიმარჯვეს.
სსრკ-ს ჩემპიონატში 25 სექტემბერს დინამომ 6 თამაში ჩაატარა. აქედან სამში მტკვრისპირელებმა იმარჯვეს, სამი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 4-0 თბილისელთა სასარგებლოდ. ამ სამი მოგებიდან ყველაზე აღსანიშნავი 1936 წელს მოსკოვში მოგებული შეხვედრაა. ადგილობრივ სპარტაკს დინამომ 1-0 აჯობა. ეს იყო დინამოს პირველი გამარჯვება სსრკ-ს ჩემპიონატში. მეორედ დინამომ ასევე მოსკოვის სპარტაკთან და ასევე ანგარიშით 1-0 იმარჯვა , იმ განსხვავებით, რომ შეხვედრა თბილისში 1946 წელს გაიმართა. 1949 წელს სახლში დინამომ რიგის დაუგავას უმასპინძლა და თავისი კარი მშრალად შეინახა, მოწინააღმდეგეს კი ორი ბურთი გაუტანა და ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა. დარჩენილი სამი თამაში დინამომ უგოლო ფრეებით დაასრულა. შესაბამისად კიშინიოვში ადგილობრივ მოლდოვასთან 1963 წელს, მოსკოვში სახალხო გუნდთან 1976 წელს და თბილისში მოსკოვის ლოკომოტივთან 1988 წელს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024