18.11.2013
გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში

1964 წლის 18 ნოემბერი - გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა.

იმ დიდი გამარჯვებიდან დღეს 49 წელი შესრულდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს ჩემპიონობის 49 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

თბილისის "დინამომ" და მოსკოვის "ტორპედომ" რეგულარულ პირველობაში 46-46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ - 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოვის "ტორპედოს" ფეხბურთელმა შერმაკოვმა გახსნა, თუმცა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ილია დათუნაშვილმა ანგარიში ეფექტური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრის ძირითადი დროც 1:1 დასრულდა.

დამატებით პირველ ტაიმში დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა თამაშის ბედი გადაწყვიტეს. მეორე დამატებით ტაიმში მოსკოველი მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში - 4:1 გახადა.

ოქროს მატჩში თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

მთავარი მწვრთნელი - გავრილ კაჩალინი
გუნდის უფროსი - ავთანდილ ღოღობერიძე

18.11.2013

msy.gov.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020