• Geo
  • Eng
20.09.2011
ტორპედო VS დინამო - კლასიკოს მოლოდინში

ქუთაისში 21 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება.  დინამო პრინციპულ მეტოქეს – ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპირდება. ქართულ კლასიკოდ წოდებული დაპირისპირება ფეხბურთის მოყვარულთათთვის არც ამჯერად იქნება უინტერესო და მოსაწყენი, რამეთუ ჩემპიონობისთვის მებრძოლი დინამოსთვის ქუთაისური ტორპედოარაფრის დათმობას არ აპირებს. ტორპედო ამ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში მთლად დალხენილი ყოფით ვერ გამოირჩევა.  21 სექტემბერს ქუთაისში გასამართ ქართულ კლასიკოს არც ამჯერად მოაკლდება თავისებური ხიბლი და დაძაბულობა.
მიმდინარე გათამაშება ქუთაისელმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში მარცხით დაიწყეს. ტორპედოელებმა მოქმედ ჩემპიონთან - ზესტაფონთან დათმეს იმერული დერბი და საკუთარი გულშემატკივარი პირველივე შეხვედრაში გაანაწყენეს.
უმაღლესი ლიგის მეორე ტურში კი ტორპედო სტუმრად გათამაშების დებიუტანტ გორის დილას დაუპირისპირდა  და ჩემპიონატში პირველი სამი ქულის მოპოვებაც შეძლო. მიუხედავად იმისა,რომ ქუთაისურმა კლუბმა ფაქტობრივად მთელი შეხვედრა კაცნაკლულმა ითამაშა, მაინც მოახერხა გოლის გატანა, უპირატესობის შენარჩუნება და სასურველი შედეგის ტაბლოზე დაფიქსირება. დილასთან შეხვედრაში მატჩის მე-9  წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ტორპედოს,მოედნიდან მიხეილ ჩხარტიშვილი გაუძევა. მატჩის 79–ე წუთზე დავით ბოლქვაძემ მაინც შესძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.
მეოთხე ტურის შეხვედრაში, ტორპედო გასვლაზე  გათამაშების კიდევ ერთ დებიუტანტს, მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 0:1. აღსანიშნავია, რომ მარტვილის მერანთან შეხვედრაში მატჩის მსვლელობისას, მაშინ როდესაც ანგარიში ჯერაც არ გახლდათ გახსნილი, ქუთათურებმა  პენალტის გამოყენება ვერ მოახერხეს.
ეროვნული ჩემპიონატის 2011/2012 წლების გათამაშების პირველი საშინაო გამარჯვება კი ტორპედომ  მეხუთე ტურის შეხვედრაში შეძლო. იმერლებმა შეხვედრის პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს აუტსაიდერ სიონთან მატჩის ბედი.  21–ე და 43–ე წუთებზე გატანილი გოლებით თავი დათუნაიშვილმა და საბანაძემ გამოიჩინეს.
გასულ ტურში კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან იწვნია მარცხი. რუსთავში ადგილობრივ მეტალურგთან  ტორპედო ჰანდიკაპით დამარცხდა. დიმიტრი ტატანაშვილის დუბლის წყალობით რუსთაველებმა 2:0 დაამარცხეს გასული სეზონის საქართველოს დავით ყიფიანის გათამაშების ფინალისტი. ტორპედომ კი 2011/2012 წლების ევროთასებზე საქართველოს სახელით მონაწილე მეორე გუნდთან იგემა  მარცხი.
დინამოსთან შეხვედრამდე ტორპედომ, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპის გადალახვაც, ახალი ფეხბურთელების დამატებაც და მწვრთნელთა ტანდემის გათავისუფლებაც მოასწრო. 17 აგვისტოს და 13 სექტემბერს ტორპედომ ტყიბულის მეშახტეს  შინ და გარეთ. 2:0 და 6:1 სძლია.  რაც შეეხება მატებას ქუთაისურ კლუბში – ტორპედოს ფეხბურთელთა ჩამონათვალს, მას დავით გამეზარდაშვილის სახელი და გვარიც დაემატა. ტორპედომ სერიოზული შევსება მიიღო მოლდოვის ჩემპიონის და სუპერთასის გათამაშების გამარჯვებულის სახით. დანაკლისი კი მეექვსე ტურში გუნდის მიერ წაგებულ შეხვედრას მოჰყვა... რუსთავში მეტალურგთან გამართული შეხვედრა ქუთაისური კლუბის მწვრთნელთა დუეტისათვის ამ კლუბშიუკანასკნელი მატჩი გამოდგა. კიკნაძე – ზამთარაძის ტანდემმა მეტალურგთან მარცხის შემდგო, მმთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დინამოსთან გასამართი მატჩისთვის ქუთაისელ ფეხბურთელებს ტორპედოს დუბლშემადგენლობათა მთავარი მწვრთნელი  გიორგი სუხიაშვილი მოამზადებს.
ტორპედოზე საუბრის დასასრულს მეტად  რამდენიმე საინტერესო დეტალზე გავამახვილოთ  ყურადღება:
მიმდინარე სეზონში ტორპედომ მსაჯთა გადაწყვეტილებით სამჯერ  მიიღო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება... ორი პენალტი ტორპედომ უმაღლესი ლიგის გათამაშებაში დაარტყა, ერთიც კი დავით ყიფიანის თასზე... ამ კომპონენტში ტორპედო ჯერ–ჯერობით პირველ ადგილს იკავებს... მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდთაგან 2011/2012 წლების სეზონში სამი პენალტის დარტყმის უფლება არცერთ გუნდს არ მოუპვებია.
მიმდინარე გათამაშებაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე ჩვენი მომავალი მეტოქე ყველაზე ძლიერად შეხვედრის 70- 80 წუთამდე მონაკვეთს თამაშობს. ქუთაისელმა ფეხბურთელებმა დროის ამ მონაკვეთსი მეტოქეთა კარში ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე გათამაშებაში ექვსი გამართული ტურის შემდგომ ყველაზე უხეშ გუნდთა შორის ქუთაისის ტორპედოც მოიხსენიება. იმერელმა ფეხბურთელებმა უმაღლესი ლიგის ეგიდით გამართულ ხუთ შეხვედრაში ხუთი ყვითელი და ორი წითელი ბარათი მიიღეს, რაც ნამდვილად ნორმაზე მეტი გახლავთ.
მიმდინარე სეზონში ტორპედომ ყველაზე დიდი ანგარიშით ბოლნისის სიონს სძლია 2:0, ყველაზე დიდი სხვაობით კი რუსთავის მეტალურგთან დამარცხდა – 0:2.
სავარაუდო შემადგენლობა: მიგინეიშვილი – ჩიკვილაძე, გამზარდაშვილი, ფოფხაძე, თოდუა – ბოლქვაძე, დიღმელაშვილი, დოლიძე, დათუნაიშვილი – მეგრელაძე, საბანაძე.
ქუთაისურ ტორპედოსთან შეხვედრამდე დინამო თბილისმა მიმდინარე ჩემპიონატში სარეკორდო გამარჯვებაც მოიპოვა და გათამაშების ცხრილის პირველ ადგილზე გადასვლაც მოასწრო.
დინამომ ზუგდიდში ფოთის კოლხეთთან 3:0 მოგებული შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდული გამარჯვება იზეიმა. თავის მხრივ ფორმის პიკისკენ მიმავალმა დინამომ  მეტოქეთა უნიათო თამაშითაც ისარგებლა და ექვსი ტურის შემდეგ, ხუთი ჩატარებული შეხვედრით ჩვენი გუნდი ცხრილის პირველ საფეხურზეც აღმოჩნდა.
ტორპედოსთან თამაშში ჩვენს გუნდს ტრავმირებული გიორგი რეხვიაშვილი და ხისკო მუნიოსიც დაუბრუნდებიან – ეს კი დინამოს შანსებს  ზრდის.
საქართველოს ჩემპიონატში დინამო და ტორპედო ერთმანეთს  47-ჯერ შეხვდა. აქედან 23-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 13 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 80-45 თბილისელთა სასარგებლოდ.
დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ მინდორი დამარცხებულმა დატოვა. ბურთების შეფარდებით 38-21.
გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები:
2.10.2010
ტორპედო 1-1 დინამო
გოლები: 1-0 ჩიკვილაძე 53' 1-1 ჯუისი 60'
12.12.2010
დინამო 1-0 ტორპედო
გოლი: 1-0 მუჯირი 57'
02.04.2011
ტორპედო 0-0 დინამო
22.05.2011
დინამო 1-2 ტორპედო
გოლები: 0-1 გოცირიძე 41' 1-1 ჯიღაური 55' 1-2 გუგუჩია 77'

საუკეთესო მეგოლეები 2011/2012 წლების სეზონში:
ტორპედო – მეგრელაძე,საბანაძე, დათუნაიშვილი – 1 გოლი
დინამო – ჩისკო – 3 გოლი, ალვარო – 2 გოლი

გასული სეზონი:
ტორპედო შინ – 18 შეხვედრა, 9 მოგება, 8 ფრედ, 1 მარცხი.
დინამო თბილისი სტუმრად – 18 შეხვედრა, 9 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.
როგორც ტორპედოში, ასევე დინამოში არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა დროს მეტოქე გუნდის რიგებში აქვთ ნათამაშები... ჩვენი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძე 2004/2005 წლების სეზონში ქუთაისელთა ღირსებას იცავდა და 32 შეხვედრაში იმერული კლუბის სასარგებლოდ ხუთი გოლის გატანაც შესძლო.
ქუთაისის ტორპედოს რიგებში მოთამაშე თენგიზ ჩიკვილაძე კი 2009/2010 წლების სეზონში დინამო თბილისის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მან 16 ჩატარებულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 6 გოლის გატანა მოახერხა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით დიღმელაშვილი, ფეხბურთელი, რომელიც ქუთაისური ტორპედოს ღირსებას იცავს, დინამო თბილისის ერთგულ გულშემატკივართათვის დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ რჩება.  2006 წლიდან 2010 წლამდე დინამოს რიგებში მოთამაშე დიღმელაშვილმა 58 ჩატარებულ შეხვედრაში ოთხჯერ შესძლო მეტოქეთა კარის აღება. გარკვეული პერიოდი დიღმელაშვილი ჩვენი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
აქვე უნდა ითქვას ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალის შესახებაც.  გასულ სეზონში ტორპედო ქუთაისი ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომლის წინააღმდეგაც ჩვენმა გუნდმა ერთადერთი საშინაო მარცხი იწვნია.
დასასრულს კი გეტყვით, რომ ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირების ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.  21 სექტემბერს  პირდაპირი რეპორტაჟი ქუთაისიდან18:00–ზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024