• Geo
  • Eng
19.09.2011
დერბის მოლოდინში

21 სექტემბერს დინამო თბილისი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან, მესამე ტურის გადადებულ შეხვედრას გამართავს. ეს შეხვედრა 21 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მაგრამ დინამოს ევროლიგაზე ასპარეზობის გამო კლუბებს შორის შეთანხმებით, ზუსტად ერთი თვით  გადაიდო.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ დერბის და კლასიკოს" უწოდებენ, ყოველთვის დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე სულ 47-ჯერ შეხვედრია დინამო და ტორპედო ერთმანეთს. აქედან 23-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 11 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 13 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდებაა 80-45 თბილისელთა სასარგებლოდ.

ამ შეხვედრებიდნ აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.

დინამო ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ მინდორი დამარცხებულებმა დატოვეს, ბურთების შეფარდებით 38-21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. ქუთათურებმა ანგარიშით 4-2 წარმატებას მიაღწიეს 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3-3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

მოახლოვებულ კლასიკოს ქუთაისის ტორპედო, მწვრთნელთა დუეტის- გიორგი კიკნაძის და ზაზა ზამთარაძის გარეშე შეხვდება. მათ ნაცვლად ტორპედოს, დუბლების მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი მოამზადებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024