• Geo
  • Eng
09.04.2013
10 აპრილი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 10 აპრილს, დინამო თბილისი საქართველოს თასის ¼ ფინალის საპასუხო შეხვედრას გამართავს. ჩვენი მეტოქე ლანჩხუთის გურია იქნება, რომელთანაც პირველი მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართება და 18.00 საათზე დაიწყება.

10 აპრილს თბილისელებმა ეროვნულ ასპარეზზე რვა შეხვედრა ჩაატარეს და აქედან შვიდში იმარჯვეს, ერთხელ კი დამარცხდნენ. ბურთების ბალანსი 26/4. 1991 წელს დინამო ფოთში კოლხეთს დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა. გოლები კაჭარავამ და ინალიშვილმა გაიტანეს. 1994 წელს დინამომ გორში დილა სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა. ორი გოლი ინალიშვილმა გაიტანა, ერთის კი ნემსაძემ. 1995 წელს თბილისური დერბი შედგა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა შევარდენი დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. ქინქლაძის პოკერს, თითო გოლი იაშვილმა და ყაველაშვილმა მიამატეს. ოთხი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა ზუგდიდის ოდიში მიიღეს და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხეს. აშვეთია, ალექსიძე, ტუღუში, კიკნაძე და სახვაძე. ამ ფეხბურთელებმა დაამწუხრეს მეტოქე გუნდი. 2004 წელს თბილისელები 0:1 დამარცხდნენ ვიტ–ჯორჯიასთან. ერთი წლის შემდეგ დინამომ ბაბუნაშვილისა და დვალიშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა ბათუმის ბათუმი. 2009 წელს თბილისელებმა ზესტაფონში ადგილობრივი გუნდი 4:0 დაამარცხეს. გოლები ჯუისმა, კოშკაძემ და ტომიჩმა (ორი) გაიტანეს. ასევე ოთხი უპასუხო გოლით იმარჯვა ჩვენმა გუნდმა მომდევნო წელს. დინამოს მეტოქე იმ შეხვედრაში ბოლნისის სიონი გახლდათ. მეტოქის კარი ორჯერ ჩიკვილაძემ დალაშქრა. თითო გოლიც აკირემმა და ვაწაძემ გაიტანეს.

სსრკ– ს პირველობაზე დინამომ 10 აპრილს 8 მატჩი ჩაატარა. აქედან ხუთში იმარჯვა ჩვენმა გუნდმა, ორჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრედ დაამთავრა შეხვედრა. ბურთების ბალანსია 10/7. 1955 წელს დინამომ მინსკის სპარტაკს უმასპინძლა და ფრედ 1:1 დაასრულა მატჩი. გოლი კალოევის ანგარიშზეა. 1958 წელს დინამო მოსკოვის სპარტაკთან დამარცხდა ანგარიშით 1:4. ერთადერთი გოლი იამანიძის ანგარიშზეა. 1963 წელს მტკვრისპირელებმა ბარქაიას გოლით 1:0 აჯობეს მოსკოვის ტორპედოს. სამი წლის შემდეგ თბილისელებმა მოსკოველ სეხნიებს ორი უპასუხო ბურთით აჯობეს. გოლები იამანიძემ და ასათიანმა გაიტანეს. 1968 წელს ჩვენი გუნდი 0:1 დამარცხდა მოსკოვის ლოკომოტივთან. ასევე 1:0, ოღონდ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა შეხვედრა 1972 წელს. გოჩა გავაშელის გოლით თბილისელებმა მოსკოვის დინამო დაამარცხეს. 1976 წელს მოსკოვის სპარტაკს ვუმასპინძლეთ და ქორიძის გოლით 1:0 ვაჯობეთ. 1988 წელს ჩვენმა გუნდმა ისევ მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. გურულის დუბლს ერთი გოლი ტყებუჩავამ მიამატა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024