• Geo
  • Eng
10.09.2011
დილა – დინამო [ურთიერთშეხვედრების ისტორია]

როგორც მოგეხსენებათ დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას თბილისის დინამო გორში, ადგილობრივ დილას წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში თბილისის დინამომ პირველი შეხვედრა გორის დილასთან 1990 წელს გამართა თბილისში და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ამავე სეზონში დინამომ მეტოქეს სტუმრადაც 3:0 სძლია.

თბილისის დინამომ ყველაზე მეტი გოლი ერთ შეხვედრაში გორელებს 2004/05 წლების სეზონში გაუტანა, როდესაც დილა 9:0 დაამარცხა.

თბილისის დინამო და გორის დილა ერთმანეთს ისტორიაში დღევანდელ დღემდე 47–ჯერ დაუპირისპირდნენ, სადაც დედაქალაქელებმა 43–ჯერ იმარჯვეს, 3 მატჩი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხა დილამ დინამოს დამარცხება.ბურთების შეფარდება კი დინამოელთა სასარგებლოდ არის 150:21-ზე, რაც სრულიად ლოგიკური გახლავთ.

მხოლოდ ჩემპიონატის ეგიდით კი დინამომ 41 შეხვედრიდან 38 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდება 131:17–ზე, საქართველოს ცამეტგზის ჩემპიონი გუნდის სასარგებლოდ.

სტატისტიკა ძალზედ მნიშვნელოვანია, იგი ისტორიის განუყოფელი ნაწილია,თუმცა წარსულში ნაჩვენები შედეგებით მომდევნო მატჩის მოგება შეუძლებელია. დინამო დღეს საბრძოლო შემადგენლობით ეწვევა გორს 3 ქულის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ არცერთუ გუნდის რიგებში არ იმყოფებიან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები, რაც კიდევ უფრო საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთის ხილვის წინაპირობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დინამოს ოთხი ჩატერბული ტურის შემდეგ სამი მატჩი აქვს გამართული და აქტივში მოგროვებული 7 ქულით თბილისური გუნდი გათამაშების ცხრილში მესამე საფეხურს იკავებს.

დასასრულს გეტყვით, რომ გორში გასამართი შეხვედრა, ცენტრალურ სტადიონზე დილასა და დინამოს შორის თბილისის დროით 16:00–ზე აიღებს სტარტს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024