• Geo
  • Eng
26.08.2011
ავბედითი წუთი

111-ე წუთი. ბერძნები უპირატესობას ფლობენ, თუმცა ბოლო წუთებია, აშკარად მოუკლეს, დაიღალნენ და ეტყობა, ისინიც შეეგუენ, რომ პენალტების სერია გარდაუვალია. და ამ დროს, "დინამოს" საჯარიმოში ჩაწოდება, ეიდურ გუდიონსენი დასარტყმელ პოზიციაზეა და ვარდება...
ისე ჩანს, ლევან კაკუბავა უკნიდან ცელავს ისლანდიელს. ვიდეოგამეორებაზე კი ძნელი დასანახია, მართლა იყო თუ არა კონტაქტი. სლოვენიელი არბიტრი დარკო ჩეფერინი გაუბედავად, მაგრამ მაინც ხელს იშვერს პენალტის ნიშნულისკენ. პლუს, მეორე ყვითელი ბარათი კაკუბავას და გაძევება. ამას ვინ დაეძებს, ყველა გიორგი ლორიას იმედზეა, თუმცა ვერა, ბრაზილიელმა ლეონარდომ ზუსტად შეასრულა და მორჩა, დარჩენილ 9 წუთში ალექს გარსიას გუნდი ორი გოლის გამტანი არ იყო – "დინამო" ევროპის ლიგას დაემშვიდობა და იმედი იმისა, რომ ევროპულ საკლუბო შემოდგომას ცოცხლად ვნახავდით, ერთმა სასტვენმა მოგვისპო.
ახლა უკვე გვიანია იმაზე საუბარი, რომ გუდიონსენი მაინც ვერ დაარტყამდა კარში, ან თუ როგორმე დაარტყამდა, ხეირიანად ვერ გააკეთებდა ამას, რადგან გიორგი რეხვიაშვილი ახლოს იდგა და ისლანდიელს დაასწრებდა. სამწუხაროდ, გვიანია...
ერთიც - ასეთ გადამწყვეტ დროს მსაჯები ყოველთვის ერიდებიან თერთმეტმეტრიანის დანიშვნას, თუმცა ეს პირველად არ ხდება საქართველოს კლუბებისა და ნაკრების თამაშებში – ქართველებთან არასოდეს ერიდებიან.
ძალიან გაგვიგრძელდა და 111-ე წუთამდე რაც ხდებოდა, იმაზე ვთქვათ. თამაში გახურებულიც არ იყო, რომ ალექსანდრე კოშკაძე აეკ-ის საჯარიმოში შევიდა და შორეულ კუთხეში ძლიერი და თან ტექნიკური დარტყმით გაიტანა – 1:0.
აეკ-ი აშკარად ვერ იყო იშტაზე, "დინამომ" კი საწყის ათ წუთში კიდევ ორჯერ მწვავედ "უჩხვლიტა" სტუმართა კარს. ალექს გარსიამ მხოლოდ ერთი ცვლილება მოახდინა ძირითად თერთმეტეულში (ათენური მატჩისგან განსხვავებით) და გიორგი კახელიშვილის ნაცვლად, რობერტინიო გაამწესა მარცხენა გარემარბად. აშკარად ვერ ჩაატარა კარგი მატჩი ბრაზილელმა. თითქოს აქტიური იყო, მაგრამ ბურთს ძალიან ხშირად კარგავდა, ერთი-ორჯერ სახიფათო კონტრშეტევაც უშედეგოდ გააგრძელა. მაგალითად, 27-ე წუთზე კოშკაძის მშვენიერი პასით თითქმის პირისპირ გადიოდა მეკარესთან, მაგრამ ცუდად დაარტყა და დიმიტრის კონსტანტინოპულოსმა ადვილად აიღო. ჰო, კონსტანტინოპულოსი პირველივე ტაიმში შესაცვლელი გახდა. 
აეკ-ი ნელ-ნელა მოეგო გონს, უპირატესობასაც დაეუფლა და მაინც, ტაიმის ბოლო წუთებში "დინამომ" ისევ მოაბრუნა სათავისო თამაში. 45-ე წუთზე კი რაღა აკლდა გოლს... კუთხურის შემდეგ კაკუბავა თავით ურტყამდა, მეკარეს კარი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ ზურგში მოხვდა ბურთი და მხოლოდ კუთხური.
ერთი, რაც მთელი მატჩის განმავლობაში ჩანდა (და ათენშიც ასე იყო), დინამოელთა მაღალი ჩაწოდებები უმეტესწილად უზუსტო იყო. კიდევ? გიორგი ლორიამ ლამის ლიბეროდ ითამაშა – სერიოზულად ამუშავეს თანაგუნდელებმა, ძალიან ხშირად უბრუნებდნენ ბურთს. ეს გასაგებია, ფრთხილობდა "დინამო", რადგან ერთ პატარა შეცდომას რომ ბერძნების გოლი მოჰყოლოდა, მერე ორი იყო გასატანი. სამწუხაროდ, მაინც მოხდა...
პირველ ტაიმში არაფრის მაქნისი გუდიონსენი მეორე ნახევრიდან აშკარად გააქტიურდა, ჯერ ჯარიმა ოდნავ ააცილა, მერე თავით დაუგდო ხოსე კარლოსს და ესპანელმა ლორიასთვის ბურთის თავზე გადაგდებით სცადა გატანა, რაც არ გამოუვიდა. და 68-ე წუთი, როცა თამაში სამი-ოთხი წუთით შეწყდა – გუნდი გუნდზე გაწევ-გამოწევა, წაკინკლავება და კინაღამ ხელჩართული ჩხუბი. ხიმენესი და გარსიაც ერთმანეთზე იწევდნენ.
საერთოდ, ბერძნებს ბინძური თამაში ახასიათებთ, პროვოკაციაც ეხერხებათ და ბევრჯერ იყო კიდეც ასეთი მომენტი, როცა ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. ის წაკინკლავება კი ასე დაიწყო - ერთ-ერთი დინამოელი დაშავდა, ბერძენი ფეხბურთელი კი ბურთს არ აგდებდა აუტზე, მიკელ ალვარო ჯერ გვარიანად არბენინა და მერე გადააგდო ბურთი ხაზს მიღმა. ალვარომ აეკ-ის სათადარიგოთა სკამისკენ ვიღაცას რაღაც უთხრა, რაზეც სამი ბერძენი შემოეხვია და აქ გახდა სიტუაცია უმართავი.
ამ დროს აეკ-ი უკვე ფლობდა უპირატესობას, თუმცა არიქა, გოლს ამწიფებსო, ნამდვილად არ ყოფილა ასე. პირველი რეალური საგოლე მომენტი "დინამოს" კართან 76-ე წუთზე შეიქმნა, როცა შეცვლაზე ყოჩაღად შესულმა ლეონარდომ ფლანგზე ჩააწოდა და გუდიონსენმა სამიოდე მეტრიდან თავით ააცილა.
აეკ-ის ფეხბურთელები უფრო ბევრს დარბოდნენ, სიხისტეში სჯობდნენ მასპინძლებს და ორთაბრძოლებსაც უფრო ხშირად იგებდნენ. "დინამოს" დაღლა დაეტყო, ვერც რობერტინიოს ნაცვლად შესულმა კოტომ გამოაცოცხლა თამაში, ხოლო ჩისკო? სუსტად ითამაშა, "დინამოს" ყველაზე სახელიანი ლეგიონერი თითქოს ჩაკარგული იყო და შესაძლოა, ფეხიც სტკიოდა – აკი, შეცვალა კიდეც გარსიამ, რადგან მისგან სარგებელი ცოტა თუ ჰქონდა.
ესპანელთაგან ყველაზე კარგად ალვარო გამოიყურებოდა, დიდი სამუშაო გასწია და ეტყობა, რომ ჩაშლასთან ერთად, შეტევაც კარგად ეხერხება. კარგი მატჩი ჩაატარეს კაკუბავამ (მიუხედავად იმ პენალტისა), რეხვიაშვილმა, კოშკაძემ და რა თქმა უნდა, ლორიამ. სულ სხვაა, როცა ზურგსუკან ასეთი მეკარე გყავს.
დამატებით დროში უფრო ჩანდა, რომ აეკ-ი გოლის გასატანად ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა არავითარი საგოლე შანსი, ან ამის მსგავსი... თანაც, გარსია ხშირად ასეთ ტაქტიკას მიმართავდა: ოდიკაძე შეტევაში ცდილბდა ჩართვას და ამ დროს კვეკვესკირი საყრდენი ნახევარმცველის ნაცვლად, ცენტრალურ მცველობას ითავსებდა, ხოლო მარჯვნივ გულვერდ თომაშვილი გადადიოდა. მოკლედ, მაქსიმალური სიფრთხილე – "დინამო" დაიღალა და ეს სტუმრებმა "იყნოსეს".
და მეორე დამატებითი ტაიმი რომ დაიწყო, აეკ-მაც უკლო იერიშებს. თითქოს მშვიდად უნდა დასრულებულიყო ის 9 წუთიც და ამ დროს...
ჰო, კიდევ, აეკ-ის ფეხბურთელებმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც არ მოისვენეს და "უნიკალური" რამ გააკეთა მათმაKმეკარე იანის არაბაცისმა. კარგად ჩანდა, გუნდი გუნდზე წაკინკლავებისას გუდიონსენი შემთხვევით შეეჯახა და ისე წაიქცა და სახეზე ხელები აიფარა, კინაღამ შეგვეცოდა.
"დინამომ" სამი ეტაპი გაიარა, მაგრამ გამოცდილ აეკ-ს ვეღარ მოერია – არადა, შორსაც არ იყო ევროპული შემოდგომა და ჯგუფური ეტაპი.                                    
პრესკონფერენცია:
მანოლო ხიმენესს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს: "პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ, მერე კი ბიჭებს ვუთხარი, ძნელია, მაგრამ მოდით, კონტრშეტევებზე ავაგოთ თამაში-მეთქი. სწრაფად გაშვებულმა გოლმა აგვრია. ალექს გარსიასთან კონფლიქტს რაც შეეხება, ორივენი ძალიან ვნერვიულობდით და ამის ბრალია, ერთმანეთზე რომ ვიწევდით. "დინამო" კარგი გუნდია.
... ჩემი ფეხბურთელები პროვოცირებდნენ მთელი მატჩის განმავლობაში? არ გეთანხმებით".  
ალექს გარსია: "კარგი პირველი ტაიმი იყო, მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა, მერე კი დაღლილობამ იჩინა თავი. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
... არ ვფიქრობ, რომ პენალტებისკენ მიგვყავდა საქმე. უბრალოდ, ბერძნებს უკვე 4 შემტევი ჰყავდათ მოედანზე და ბურთის ჩვენი ნახევრიდან ატანა გაჭირდა. უპირატესობა ჰქონდა აეკ-ს, თუმცაღა, ნეტავ პენალტები დაინიშნოსო, ამაზე არ ვფიქრობდით.
... ვის გავუწევდი რეკომენდაციას საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის? ჩემგან არასწორი გამოვა. თემურ ქეცბაია ნახავდა თამაშებს და ის თავად განსაზღვრავს.
... ხიმენესთან კონფლიქტს რაც შეეხება, რაც მოედანზე ხდებოდა, მოედანზე დარჩა.
... დაცვას დავაბრალო გაშვებული გოლი? ან ის ვთქვა, რომ დაცვა სუსტია? არასწორია. წაგება და თუნდაც ერთი გოლის გაშვება ფეხბურთელების კი არა, ჩემი ბრალია! ლორიამ პენალტი ვერ აიღო. ვუსაყვედურო, რატომ ვერ გადაგვარჩინე-მეთქი? ვიმეორებ, პასუხისმგებელი მე ვარ მარცხზე და იცოდეთ, თავს შევაკლავ იმ ბიჭების გულისთვის, რომლებიც ახლა ქვემოთ, გასახდელში არიან.
... ამ ორთვენახევრიან პერიოდს დადებითად შევაფასებდი. საინტერესო და სასიკეთო დინებები დავინახე გუნდში და ყველაფერი ახლა იწყება. ამ მარცხით არაფერი მთავრდება.
... დიდ მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის. გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლა კი არ უნდა მოსთხოვო, ისე უნდა ითამაშო, რომ ისინი სიხარულით მოდიოდნენ მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!".
ამაღელვებელი იყო ალექს გარსიას სიტყვები და ცხელ გულზე ნამდვილად არ ვიტყვით – მწვრთნელად რიგიანად მუშაობს (ყოველ შემთხევაში, გუნდში ახალმოსულ კაცს, უცაბედად ვერ მოსთხოვ ყველაფერს), ხოლო როგორი პიროვნებაა, ამ ნაუბრიდანაც გამოჩნდა.

 მსოფლიო სპორტი 25 აგვისტო

ავტორი: ილია ნანობაშვილი

http://worldsport.ge/Read.aspx?news=24452&lang=1

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024