• Geo
  • Eng
07.05.2025
ურთიერთშეხვედრები თელავთან

ჩვენი მეტოქე - თელავი

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს თელავში, კავკასიონი არენაზე ატარებს. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2-ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2-ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად და საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე - ღირსეულად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 2020 და 2021 წლების გათამაშება კახელებმა მეექვსე ადგილზე დაასრულეს. 2022 წელს მეშვიდე ადგილი დაიკავეს, 2023 წელს მერვე პოზიციაზე გავიდნენ, ხოლო 2024 წელს პლეი აუტში იმარჯვეს და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

 

ურთიერთშეხვედრები თელავთან

თბილისელები და თელაველები ერთმანეთს 19-ჯერ დაუპირისპირდნენ. 9 მატჩი დინამომ მოიგო, 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 2-ჯერ კახელებმა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 36/17 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

 

2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ. ნავსი 2021 წლის 20 მარტს გატყდა და დინამომ სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. კავკასიონი არენაზე გამართულ შეხვედრაში თავი ზორან მარუშიჩმა, ფაბიან სპორქსლედემ და მილან რადინმა გაიტანეს.

 

12 სექტემბერს თელაველებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს დედაქალაქელები. კავკასიონი არენაზე მასპინძლებმა 1-0 იმარჯვეს. 2021 წლის 31 ოქტომბერს დინამოელებმა მილან რადინის, ლევან ხარაბაძის, ზორან მარუშიჩის და გიორგი მოისწრაფიშვილის გოლებით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. ეს ანგარიში ამ დუელში სამჯერ დაფიქსირდა. ორჯერ დედაქალაქელების და ერთხელაც კახელების სასარგებლოდ. ჩატარებულ 19 შეხვედრაში კი სამ-სამჯერ ოთხი ანგარიში დაფიქსირდა: 0-0, 1-1, 4-0 და 1-0.

 

2023 წლის 14 მაისს მატჩი გორში გაიმართა და ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს 6-1 აჯობეს. სხვაობაც რეკორდულია და გატანილი გოლების რაოდენობაც. შეხვედრაში გოლები იმრან ულად ომარმა, უსმანე კამარამ, გიორგი მაისურაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა, ალექსანდრე კალანდაძემ და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

2024 წლის პირველობის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 4-0 დასრულდა. ამ შემთხვევაში უკვე თელავმა იმარჯვა საკუთარ კედლებში. ეს გახლდათ ამ გუნდების ისტორიაში თელაველთა მეორე გამარჯვება და ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა კახელთა სასარგებლოდ. 19 ოქტომბერს დინამო არენაზე ჩვენმა გუნდმა 5-1 მოიგო. გოლები საბა ხვადაგიანმა, ვახო სალიამ (2), ვასილიოს გორდეზიანმა და მათე ვაწაძემ გაიტანეს.

 

წელს 15 მარტს, პირველი წრის მატჩი თელავში ფრედ 1-1 დასრულდა. გოლები დაჩი ცნობილაძემ და მათე ვაწაძემ გაცვალეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025