• Geo
  • Eng
02.01.2025
ნოდარ ახალკაცი – 87

ლეგენდარული გუნდის ლეგენდარული მწვრთნელი. დინამო თბილისის ყველაზე ტიტულოვანი პერიოდის შემოქმედი – ნოდარ ახალკაცი 1938 წელს დაიბადა. სპორტის ოსტატი და სსრკ–ს დამსახურებული მწვრთნელი, ჩვენ გუნდს 1976–1983 და 1985–1986 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში დინამომ შესაძლებელიდან ფაქტიურად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. 1978 წელს მოიპოვა სსრკ– ს პირველობის ოქროს მედლები. 1977 წლის გათამაშების ვერცხლი. 1976 წლის გაზაფხული–შემოდგომა და 1981 წლის ასპარეზობების ბრინჯაოს მედლები. არის სსრკ– ს ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. მისი მოღვაწეობის გვირგვინი კი 1981 წლის 13 მაისს უეფას თასების მფლობელთა თასის მოპოვებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ 1982 წელს დინამო იმავე გათამაშების ნახევარფინალში გაიყვანა. არის ფიფას და უეფას ორდენოსანი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. ნოდარ ახალკაცი 1998 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.

გივი ნოდია – 77

დღეს დინამო თბილისის ვეტერანი ცენტრფორვარდი – გივი ნოდია 77 წლის გახდებოდა. იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 1967 წლიდან 1975 წლამდე იცავდა. 210 ჩატარებულ შეხვედრაში 75-ჯერ მოახერხა მეტოქეთა დამწუხრება. არის სსრკ-ს პირველობის ოთხგზის ბრინჯაოს მედლების მფლობელი 1967, 1969, 1971 და 1972 წლებში. ხუთჯერ მოხვდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. 1970 წლის გათამაშების ბომბარდირი 17 გოლით. არის ფედოტოვის კლუბის წევრი 113 გოლით. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1966 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. საკავშირო ნაკრებში ჩაატარებულ 21 მატჩში, გაიტანა 5 გოლი. იყო ჩვენი გუნდის მწვრთნელი 1993, 1994, 2001, 2002 და 2003 წლებში. გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025