ჩვენი მეტოქე - კოლხეთი 1913
სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი - კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს კოლხეთი წელს ქობულეთში, საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ატარებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 წელს მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. გუნდმა კოლხეთი 1913-ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა კოლხეთი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში ფოთელებმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავეს და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს. 2018 წელს ფოთელები ლიგა 2-ში დაქვეითდნენ, 2023 წელს წარმატებით დაასრულეს აღნიშნული გათამაშება და ისევ ეროვნულ ლიგაში აღზევდნენ.
ურთიერთშეხვედრები კოლხეთთან
ამ გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 66 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 45 შემთხვევაში იმარჯვეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 155/51 დინამოს სასარგებლოდ.
უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება ანგარიშით 6-1 ორჯერ დაფიქსირდა. 1998 წლის 30 ნოემბერს და 2017 წლის 21 ივლისს. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5-1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5-0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ. ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა 2018 წლის 29 ივნისს ზესტაფონში შედგა, როდესაც დინამომ 6-3 იმარჯვა. გოლები ოთარ კიტეიშვილმა (2), ლაშა თოთაძემ, ლევან ხარაბაძემ, მიხეილ ერგემლიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.
ეროვნულ ჩემპიონატში წელს ეს გუნდები ერთმანეთს 12 აპრილს დინამო არენაზე შეხვდნენ. მატჩი გატანილი გოლების გარე შე 0-0 დასრულდა. 27 მაისს ქობულეთში ჩატარებული შეხვედრა 2-2 მორჩა. გოლები ოსკარ სანტისმა და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. 27 სექტემბერს თბილისში, პეტრო არენაზე გამართული მატჩი დინამომ 3-2 მოიგო (ავტოგოლი, ოსკარ სანტისი და ვასილიოს გორდეზიანი).