ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებია ლურჯი და თეთრი. დღეისათვის (15 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, აჭარაბეთ არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2-7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012-ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0-5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბათუმელებმა 2019 წლის ჩემპიონატში 21 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მიიღეს. იგივე შედეგი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც გაიმეორა და ახალშექმნილი კონფერენს ლიგის საგზური მიიღო. თავად ტურნირზე გუნდმა სან მარინოს ტრე პენე დაჯაბნა, შემდეგ ბორისივოს ბატეს აჯობა და გათამაშების მესამე ეტაპი თურქულ სივასსპორთან დათმო. 2021 წლის სეზონის ბოლოს ბათუმელებმა არსებობის მანძილზე პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მომდევნო სეზონი კი მეორე ადგილზე დაასრულეს. ბათუმელებმა 2023 წელსაც მოიპოვეს ოქროს მედლები.
ურთიერთშეხვედრები ბათუმელებთან
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 75 მატჩიდან 43 დედქალაქელებმა მოიგეს, 15 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 141/78 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თექვსმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. თერმეტჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1, 2-0 და 3-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 1994 წლის 18 სექტემბერს ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი დაფიქსირდა. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2023 წლის 28 ნოემბერს დედაქალაქელებმა 6-2 მოიგეს. გოლები საბა ხვადაგიანმა ზორან მარუშიჩმა, გიორგი ხარაიშვილმა, დავით სხირტლაძემ და უსმანე კამარამ გაიტანეს, ერთი დარტყმაც ავტოგოლი გახლდათ. დიდი ანგარიშით დინამო მე-16 ჩემპიონატის მე-9 ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ, 2022 წლის 4 მარტს ბათუმელებმა 3-0 იმარჯვეს. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მე-19 ჩემპიონატის მე-7 ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. წელს ორი დინამო 2024 წლის 8 აპრილს შეხვდა ერთმანეთს, ბათუმში გამართული მატჩი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. 23 მაისს დინამო არენაზეც ბათუმელებმა მოიგეს 2-1. გოლი აჭარელთა კარში ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანა. 23 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული მატჩი ფრედ 1-1 მორჩა. გოლი სოლომონ კვერკველიას ანგარიშზეა.