• Geo
  • Eng
08.07.2024
ჩვენი მეტოქე - მორნარი

უეფას კონფერენციის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისი მონტენეგროს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსან მორნარს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 11 ივლისს პოდგორიცაში გაიმართება, ხოლო თბილისი საპასუხო შეხვედრას 18 ივლისს უმასპინძლებს.

 

მორნარი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბარს წარმოადგენს. გუნდი საშინაო მატჩებს 2500-იან ტოპოლიცას სტადიონზე ატარებს, დინამოს კი პოდგორიცაში 4300-იან დიჯი არენაზე დაუხვდება. მორნარის საკლუბო ფერები დინამოს დარად ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი.

 

მორნარმა მონტენეგროს პირველობა 64 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო მიღწევად ითვლება. ბარის გუნდმა ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვან ბუდოჩნოსტის 3 ქულით აჯობა. ჩემპიონი დეჩიჩი გახდა, რომელსაც ჩვენი მომავალი მეტოქე 6 ქულით ჩამორჩა, შესაბამისად მორნარი თავის ისტორიაში სადებიუტო ევროთასზე იასპარეზებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი, 48 წლის ზორან დურაშკოვიჩი გახლავთ.

 

საფეხბურთო კლუბი მორნარი 1923 წელს დაარსდა და თავდაპირველად ჩერნოევიჩის სახელით გამოდიოდა. შემდეგ გუნდს იადრანი, ობნოვა და ტემპი ერქვა. პირველ ხელშესახებ წარმატებას კი მორნარმა 1950 წელს მიაღწია. გუნდმა ჩერნოგორიის რესპუბლიკურ ლიგაში გამოსვლა დაიწყო. 1950-დან 2006 წლის ჩათვლით მორნარმა არაერთი სეზონი გაატარა რესპუბლიკუ ლიგაში და სამჯერ - 1989, 1995 და 2001 წლებში ჩემპიონობაც იზეიმა. 1995 წელს მორნარმა დუბლი შეასრულა, ჩემპიონობასთან ერთად რესპუბლიკური თასიც მოიპოვა. ისტორიულ შედეგს მორნარმა 2009 წლის ზაფხულში უწია, რა დროსაც მონტენეგროს პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) საგზური მოიპოვა.

 

ფოტო: fkmornarbar.me

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024