• Geo
  • Eng
16.09.2023
ყაიმი ქართულ დერბიში

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა.

 

ქართული დერბი დინამოელთა შეტევებით დაიწყო, დედაქალაქელები პირველივე წუთებიდან შეეცადნენ პრინციპულ მეტოქესთან სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. პირველ ათ წუთში სამი სახიფათო დარტყმაც იხილა დინამო არენაზე მოსულმა გულშემატკივარმა. ორ შემთხვევაში ბურთი კარს აცდა, ერთხელაც დავით სხირტლაძის დარრტყმული ფილიპ კლიაიჩმა მოიგერია. მე-17 წუთზე უკვე მაურო კაბალიერო ემუქრებოდა თბილისელთა კარს, ბურთი კუთხურზე გიორგი ლორიამ მოიგერია. მე-20 წუთისთვის სტუმრები შეეცადნენ თამაშის გამწვავებას და დინამოს კართან მიჯრით რამდენიმე კუთხურიც მოაწოდეს. 22-ე წუთზე გიორგი არაბიძე გადის მეკარესთან პირისპირ, გოლის გატანა ტორპედოელს გიორგი ლორიამ არ დაანება. 35-ე წუთზე უკვე ქუთაისელთა კიპერმა იხსნა კარი, უსმანე კამარას ჩახვეული დარტყმის შემდეგ. მოწოდებული ბურთი ისევ კამარამ გაისროლა, თუმცა ოდნავ არაზუსტად. პირველი ტაიმის ბოლოსკენ დინამომ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნა ანგარიში. საბა ხვადგიანმა მოედნის ცენტრიდან წამოიღო ბურთი, გზად რამდენიმე მეტოქეს გაცდა, გადაცემა უსმანე კამარაზე და 1-0. გიორგი ლორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მაღალი კლასი, მან ნიკოლა ნინკოვიჩის ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე უკუაგდო და ტაიმიც დასრულდა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრება წონასწორობა აღადგინეს. დინამოელთა დაცვის შეცდომით ირაკლი ბუღრიძემ ისარგებლა 1-1. მატჩის 64-ე წუთზე უსმანე კამარას შეტევის შემდეგ, შეცვლაზე შემოსული ლაშა ოდიშარია ურტყავდა კარისკენ, ბურთი ბოლო წამს ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია. შემდეგ შეტევაში ზორან მარუშიჩი ცდილობდა გატანას, მაგრამ მისი თავურიც არაზუსტი აღმოჩნდა. 78-ე წუთზე ისევ ოდიშარიას ჩახვეული და ისევ ადგილზეა კლიაიჩი. მესამედ მიჯრით ტორპედოს კიპერი ლაშა ოდიშარიას დარტყმას იგერიებს. ბოლო წუთებში დინამომ დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, კამარამ გოლიც გაიტანა, თუმცა არ ჩათვალა მსაჯმა და საბოლოოდ შეხვედრა 1-1 მორჩა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი ბათუმში ადგილობრივ დინამოსთან, 24 სექტემბერს გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024