• Geo
  • Eng
30.05.2023
ურთიერთშეხვედრები საბურთალოსთან

1 ივნისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, დინამო საბურთალოს რუსთავში ეწვევა. მატჩი ტექნიკური ცენტრის მოედანზე 19.00 საათზე დაიწყება.

 

ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 27-ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. 16 შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა და 6 საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 50/25 დინამოელთა სასარგებლოდ.

 

2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს გახლდათ ამ ორი გუნდის სადებიუტო დაპირისპირებაში გატანილი სადებიუტო გოლი. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4-0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4-0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0-0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1-0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა.

2017 წლის პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2-0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5-0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4-1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2018 წლის სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2-1 დაამარცხა მეტოქე, გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2-1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა.

2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4-2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2-0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2-1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

2020 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრა დინამომ საბურთალოსთან გასვლაზე ჩაატარა და 3-0 აჯობა მეტოქეს. გოლები გიორგი კუციამ, თორნიკე კაპანაძემ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტნეს. მეორე წრის შეხვედრაში კი დინამომ მეტოქეს 3-1 ნოდარ ქავთარაძის დუბლით და გიორგი პაპავას გოლით აჯობა.

2021 წლის 14 მარტს უხვგოლიანი თრილერი გამოდგა. დინამომ საბურთალოს 4-3 ზორან მარუშიჩის (2), გიორგი გაბედავას და გიორგი პაპავას გოლებით მოუგო. დინამოელებმა 4 გოლი 2021 წლის 12 მაისსაც გაუტანეს მეტოქეს, კარი კი მშრალად შეინახეს. ზორან მარუშიჩმა ისევ ორი გოლი მიითვალა, თითოჯერ შედეგიანად თორნიკე ახვლედიანმა და გიორგი გაბედავამ გაისროლეს. ლურჯ-თეთრებმა 8 აგვისტოს 2-1 მოუგეს მეტოქეს. დმიტრი მანდრიჩენკოს ავტოგოლს, ზუსტი დარტყმა ბარნს ოსეიმ მიამატა. 2021 ეს გუნდები ბოლოს 24 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი ნოდარ ქავთრაძის გოლით დინამომ 1-0 მოიგო.

2022 წლის 14 აპრილს საბურთალოსა და დინამოს პაექრობა 1-1 დასრულდა, გოლი გიორგი გაბედავას ანგარიშზეა. 16 მაისს გუნდებმა ისევ ფრე ითამაშეს, ოღონდ უგოლო. 26 აგვისტოს გორში ჩატარებული პაექრობა დინამომ უსმანე კამარას და ულად ომარ იმრანის გოლებით 2-1 მოიგო. 29 ოქტომბერს დინამომ 3-1 მოუგო თანაქალაქელს. უსმანე კამარას დუბლს ერთი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა მიამატა.

2023 წლის პირველი დაპირისპირება ამ გუნდებს შორის გორში შედგა და საბურთალოს გასვლითი გამარჯვებით 1-3 დასრულდა. ერთადერთი გოლი ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024