• Geo
  • Eng
23.05.2023
ქართული დერბი – ურთიერთშეხვედრები

24 მაისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ქართული დერბია. დინამოსა და ტორპედოს ტრადიციულ დაპირისპირებას სამტრედიის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი 16.30-დან უმასპინძლებს.

  

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 86 მატჩიდან, 47-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 22 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 144/72 თბილისელთა სასარგებლოდაა.

 

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვებები ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზზე სამჯერ დაფიქსირდა. მე-2 ჩემპიონატის მე-4 ტურში 1991 წლის 1 აპრილს, მე-7 ჩემპიონატის მე-3 ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს და 34-ე ჩემპიონატის მე-19 ტურში 2022 წლის 25 ივნისს.

 

ოთხბურთიანი სხვაობით და გოლგაუშვებლად დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2012/2013 სეზონში, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მე-8 ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში 34-ე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მე-12 ჩემპიონატის მე-2 ტურში დამარცხდნენ.

 

ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მე-18 ჩემპიონატის მე-17 ტურში 2007 წლის 17 მარტს, ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 19-ჯერ დაფიქსირდა. ​

 

ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში საკუთარ სტადიონზე, ტორპედომ დინამოსთან ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა.

 

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი გორში 2023 წლის 8 აპრილს გაიმართა და დინამოელტა გაარჯვებით 2-1 დასრულდა. გოლები ტორპედოს კარში იმრან ულად ომარმა და ვაგნერ გონსალვეშმა გაიტანეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024