• Geo
  • Eng
29.04.2023
დინამო - სამტრედია | მატჩამდე

დინამო თბილისი მე-11 ტურის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 30 აპრილს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 16.30 დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია 1936 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია - ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრსა და ლურჯშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0-5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2017 წელს სამტრედიამ ასევე პირველად მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იმერული გუნდი აზერბაიჯანულ ყარაბახს დაუპირისპირდა და ჯამში 0-6 დამარცხდა. 2017 წლის სეზონი ჩვენი მეტოქისთვის ასევე წარმატებული გამოდგა, სამტრედიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ევროსეზონი კი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ტობოლთან მარცხით დატოვა. 2018 წელს სამტრედიამ დატოვა ეროვნული ლიგა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ქართული ფეხბურთის ელიტას. იგივე გზა გუნდმა 2022 წელს გაიარა და ეროვნულ ლიგა 1-ს დაუბრუნდა.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლის აპრილიდან ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთის სპეციალისტი - დიმიტარ კაპინკოვსკი მუშაობს. მისმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში 7 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 48 მატჩს ითვლის. 48 ჩატარებული შეხვედრიდან დინამომ 36 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 6 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 6 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 117/29 თბილისელთა სასარგებლოდ. ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6-0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7-2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5-0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011-ში დინამომ 7-1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ ურთიერთდაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1-0 (სულ ცხრაჯერ) 6 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და სამიც სამტრედიამ. ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2023 წლის 4 მარტს გორში გაიმართა და დინამოელტა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გოლები იმერელთა კარში გაბრიელ სიგუამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, იმრან ულად ომარმა და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას არსენ ნონიკაშვილი გაუძღვება. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და ზ. ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს დ. სანოძე შეასრულებს. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას სამტრედიის შემადგენლობიდან ლევან ხმალაძე გამოტოვებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024