• Geo
  • Eng
31.01.2023
ჩვენი მეტოქე - ჟალგირისი ვილნიუსი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგურ შეხვედრას ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლიეტუვის ჩემპიონი - ვილნიუსის ჟალგირისი იქნება.

 

ჟალგირისი 1947 წელს დაარსდა და რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. თავდაპირველად გუნდს დინამო ერქვა, მომდევნო წელს სპარტაკასი, ხოლო დღევანდელი სახელწოდებით ლიეტუვის დედაქალაქის გუნდი 1962 წლიდან გამოდის. სახელწოდება ჟალგირისი გრუნვალდის ბრძოლას და გამარჯვებას ეძღვნება, ორივე სახელი ითარგმნება, როგორც - მწვანე ტყე. ვილნიუსელები 5 000-იან ვეტრას სტადიონზე თამაშობენ, საკლუბი ფერები კი ტრადიციულად მწვანესა და თეთრშია გადაწყვეტილი.

 

ჟალგირისი ლიეტუვის 10 გზის ჩემპიონია. ბოლო სამი გათამაშება ვილნიუსელებმა მიჯრით მოიგეს. ლიეტუვის თასი ჟალგირისმა 14-ჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი გუნდმა 7-ჯერ აღმართა. აღსანიშნავია, რომ მწვანე-თეთრებმა შარშან დუბლი შეასრულეს მოიგეს რა ჩემპიონატიც და ქვეყნის თასიც. საბჭოეთის პირველობაზე ჟალგირისის საუკეთესო მიღწევად 1987 წელს მოპოვებული ბრინჯაოს მედლები ითვლება.

 

ევროასპარეზზე შარშანდელი წელი ვილნიუსელთათვის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ჟალგირისმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოს ბალკანი დაამარცხეს, მეორე რაუნდში შვედურ მალმიოს მოუგეს, ხოლო მესამე ეტაპზე ნორვეგიულ ბოდიოგლიმთან დამარცხდნენ. ამის შემდეგ ვილნიუსელებმა ევროპა ლიგის პლეიოფი ბულგარულ ლუდოგორეცთან დათმეს და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს. ჟალგირისმა H ჯგუფში შვეიცარიულ ბაზელთან, სლოვაკურ სლოვანთან და სომხურ პიუნიკთან პაექრობაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

ლიეტუველები თურქულ შეკრებაზე ორი დღეა რაც იმყოფებიან, ანტალიაში წამოსვლამდე კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სამი ამხანაგური მატჩი გამართა. ჟალგირისი 21 იანვარს ლატვიურ მეტას შეხვდა და 2-0 მოიგო. გოლები მარტინას შეტკუსმა და მატო ვარეიკამ გაიტანეს. 25 იანვარს ლიეტუვურ დაინავას 4-2 აჯობეს. გოლები დარიუშ სტანკევიჩიუსის, მატიას ოივუსის, დონატას კაზლაუსკასის და იოელის ბოპესუს ანგარიშზეა. 28 იანვარს ჟალგირისი კაუნასის ჰეგელმანს 3-2 ესპარინგა. გოლები კიპრას კაჟუკოლოვასმა, რომუალდას იანსონასმა და დონატას კაზლაუსკასმა გაიტანეს. ანტალიაში ჟალგირისი დინამოს გარდა, 4 თებერვალს ბოსნიურ ველეჟ მოსტარს შეხვდება, 8 თებერვალს უკრაინულ ოლექსანდრიასთან ითამაშებენ და 11 თებერვალს მაკედონიურ შკუპთან მოსინჯავენ ძალებს.

ვილნიუსელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლიდან 57 წლის ყაზახი ფეხბურთის სპეციალისტი - ვლადიმირ ჩებურინი მუშაობს.

 

დინამო და ჟალგირისი ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან. აქედან თბილისელებმა 7 მატჩი მოიგეს, ხოლო ვილნიუსელებს 4 გამარჯვება დარჩათ. გატანილი გოლების ბალანსი 18/13 თბილისელთა სასარგებლოდ. კიდევ ერთი მატჩი გუნდებმა 1996 წელს დსთ-ს თასზე ითამაშეს და ის შეხვედრა ლიეტუველებმა 3-1 მოიგეს.

 

ჟალგირისის ფორმა ისეთ გამორჩეულ ლიეტუველ ფეხბურთელებს უტარებიათ როგორიცაა: არმინას ნარბეკოვასი, რომას მაჟეიკისი, ვალდას ივანაუსკასი, ედგარას იანკაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი და დეივიდას შემბერასი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024