• Geo
  • Eng
27.01.2023
ჩვენ მეტოქე - ლუდოგორეცი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი - რაზგრადის ლუდოგორეცი იქნება. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

 

ლუდოგორეცი 1945 წელს დაარსებული კლუბია, რომელმაც რაზგრადული ხუთი პატარა კლუბი გააერთიანა. თავის საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი მეტოქე ჰუვეფარმა არენაზე ატარებს, რომელიც 10 500 მაყურებელს იტევს. ლუდოგორეცის საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. 1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და დაერქვა - ანტიბიოტიკი, თუმცა 2006 წელს, ისე რომ უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია, კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა.

 

2010 წელს საფეხბურთო კლუბი რაზგრადი2000  ლუდოგორეცის სამართალმემკვიდრე გახდა და სახელიც გადაერქვა. 2011 წელს არწივებმა (ლუდოგორეცის ზედმეტსახელი) ბულგარეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს და ამასთან ერთად სეზონის ბოლოს ისტორიული შედეგიც აჩვენეს მოიგეს რა ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. იგივე ტრიუმფი ლუდოგორეცმა 2014 წელს შესთავაზა თავის გულშემატკივარს.

 

სულ ბულგარულ კლუბს თერთმეტჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (2011/2012 – 2021/2022), ორჯერ თასი (2011/2012, 2013/2014) და ექვსეჯერ (2012, 2014, 2018, 2019, 2021, 2022) ბულგარეთის სუპერთასი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რაზგრადულმა გუნდმა ორჯერ - 2014/15 და 2016/17 წლების სეზონზე იასპარეზა. ევროპა ლიგის ჯგუფში კი ბულგარელები 7-ჯერ მოხვდნენ. შარშან ჯგუფში იტალიურ რომასთან, ესპანურ ბეტისთან და ფინურ ჰიკთან პაექრობაში მესამე ადგილი დაიკავეს, რის შემდეგაც კონფერენს ლიგის ნოკაუტ რაუნდის საგზური მიიღეს სადაც ბელგიურ ანდერლეხტს 16 და 28 თებერვალს შეხვდებიან.

 

ლუდოგორეცის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2022 წლის დასაწყისიდან სლოვენიელი ფეხბურთის სპეციალისტი - ანტე შიმუნძა მუშაობს. მისი გუნდი ბულგარეთის მიმდინარე პირველობაზე 18 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 43 ქულით ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ცსკა სოფიას ერთი ქულით ჩამორჩება.

 

ლუდოგორეცი თურქეთში შეკრებაზე 9 იანვრიდან იმყოფება და სამი საკონტროლო მატჩი უკვე ჩაატარა კიდეც. ბულგარელები 14 იანავრს გერმანულ ჰანოვერთან 96-თან 1-2 დამარცხდნენ. გოლი კირილ დესპოდოვის ანგარიშზეა. 19 იანვარს ლუდოგორეცი პოლონურ ზაგლებიეს ესპარინგა და საყაიმო ანგარიშით 1-1 დაცილდა. გოლი ბერნარდ ტეკპეტიმ გაიტანა. 25 იანვარს ჩვენი მომდევნო მეტოქე, ჩვენს ბოლო მეტოქე ბელგრადის ცრვენა ზვეზდას შეხვდა და 3-2 იმარჯვა. გოლები იგორ ტიაგომ (2) და ბერნარდ ტეკპეტიმ გაუტანეს სერბებს.

 

შარშან თურქულ შეკრებაზე ლუდოგორეცთან სპარინგი 0-1 წავაგეთ. გოლი ბულგარელთა კარში ზორან მარუშიჩმა გაიტანა.


 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024