• Geo
  • Eng
22.01.2023
დინამო 2-3 ცრვენა ზვეზდა

თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ამხანაგური შეხვედრა სერბეთის ჩემპიონ - ცრვენა ზვეზდასთან გამართეს.

 

მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. საწყისი 20 წუთი სერბული გუნდის უპირატესობით და შეტევებით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. დინამოელებმა ორი საპასუხო კონტრშეტევაც შესთავაზეს მეტოქეს, პირველ ჯერზე უსმანე კამარას დარტყმულის შემდეგ ბურთი კარს აცდა, მეორედ კი იმრანის დარტყმული მეკარემ მოიგერია. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე ალექსანდრ პესიჩმა თბილისელთა მიერ მოედნის ცენტრში დაკარგული ბურთი ზუსტი დარტყმით ბადეში გაახვია. გაშვებულმა გოლმა დინამოელების შეტევებს სიმწვავე შემატა და სათამაშო უპირატესობაც თბილისელთა მხარეს გადავიდა. 35-ე წუთზე ჯერ ულად-ომარ იმრანმა გაისროლა კარისკენ, ბურთი მეკარემ ხელში ვერ შეიმაგრა და სტატუს ქვო აღდგა, ერთ წუთში დინამოელებმა კიდევ ერთხელ აიღეს ბელგრადელთა კარი. ნიკა მალის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებული ბურთი, ვაგნერ გონსალვეშმა ზუსტი დარტყმით გოლად აქცია. დინამოელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და ცოტახანში მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ. დათო სხირტლაძის ტექნიკური გადაცემა იმრანზე, დარტყმით დასრულდა, გადმოვარდნილ ბურთს კი გონსალვეში ვერ შეწვდა და ტაიმიც მორჩა. მეორე ნახევარში თბილისელებმა 9 ფეხბურთელი შეცვალეს, სათამაშო უპირატესობა კი მეთოდურად ისევ სერბებმა დაიბრუნეს. 54-ე წუთზე ისევ შეცდომა მოედნის ცენტრში და კონტრშეტევა გოლით პესიჩმა დაასრულა. 75-ე წუთზე მირკო ივანიჩმა კიდევ ერთხელ აიღო დინამოელთა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბოლო წუთებზე დინამოელები ბევრს უტევდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბარნს ოსეიმ და ლუკა პარკაძემაც შექმნეს, მაგრამ გოლი აღარ გასულა.

 

დინამოელებმა შეკრების პირველი ეტაპი დაასრულეს. მომდევნო მატჩს კი თურქულ შეკრებაზე 28 იანვარს ბულგარეთის ჩემპიონ - ლუდოგორეცთან გავმართავთ.

 

დინამო 2-3 ცრვენა ზვეზდა

 

ფოტოამბავი

 

დინამო: კუტალაძე, კობოური, ტაბიძე, ლაცაბიძე, მალი, მექვაბიშვილი, სიგუა, გონსალვეში, იმრანი, კამარა, სხირტლაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: კერესელიძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, ოსეი, ოდიშარია, მარუშიჩი, კირკიტაძე

ცრვენა ზვეზდა: ვასილიევიჩი, როდიჩი, დრაგოვიჩი, ლეკოვიჩი, გობელიჩი, პრუტსევი, კანგა, სრნიჩი, ნიკოლიჩი, მიატოვიჩი, პესიჩი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024