• Geo
  • Eng
20.06.2022
დინამომ გაგრას 5-0 მოუგო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-18 ტური გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა გაგრას უმასპინძლეს.

 

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებში რამდენმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა გაგრას კართან. მასირებულ შეტევებს შედეგი 22-ე წუთზე მოჰყვა, ბარნს ოსეის ჩაწოდებულ ბურთს შედეგიანი თავურით უსმანე კამარა გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტი გოლი აღარ გასულა.

 

თამაშის მეორე ნახევარი იმავე სცენარით გაგრძელდა. მეორე გოლი კი გაგრას კარში 52-ე წუთზე გავიდა. უსმანე კამარას აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა და ანგარიში 2-0 გახდა. ექვს წუთში მასპინძლებმა მესამე გოლი გაიტანეს, უსმანე კამარას გადაცემა ბარნს ოსეიმ ძლიერი დარტყმით შეირგო, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი 3-0. შეხვედრის 74-ე წუთზე დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საჯარიმოში დავით სხირტლაძემ ტექნიკური გადაცემით ანრი მექვაბიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, გუნდის ვიცე კაპიტანმა კი შეუცდომლად ითამაშა. 83-ე წუთზე გოდფრი სტეფენის ჩაწოდება და დავით სხირტლაძის უძლიერესი თავურით ანგარიში ხდება 5-0. აღარაფერი შეცვლილა და ქართულ დერბიმდე დინამომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტორპედოსთან მატჩი კი დინამო არენაზე 25 ივნისს შედგება.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024