• Geo
  • Eng
29.04.2022
არეულობა და შეწყვეტილი მატჩი ქუთაისში

დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა ქართულ დერბის უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე მოთელვაზე, დინამოელთა ვიცე კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ტრავმა მიიღო და ძირითადში ახალგაზრდა ლევან ოსიყმაშვილი გამოჩნდა, რომელიც ჩვენი აკადემიის აღზრდილია და მისთვის ეს მატჩი პირველ გუნდში სადებიუტო გამოდგა.

 

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთისთვის მწვავე მომენტებიც გაცვალეს. ჯერ უსმანე კამარას საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დარტყმული მცირე მანძილით აცდა მასპინძელთა კარს, საპასუხოდ კი გიორგი კუხიანიძის დარტყმული ბურთიც ზემოდან გადაევლო დედაქალაქელთა კარის ხარიხას. მატჩის მე-16 წუთზე თბილისელთა სწრაფი შეტევა, გიორგი გაბედავამ ერთი შეხებით გააგრძელა, ბარნს ოსეიმ უძლიერესად გაისროლა და ქუთაისელთა კარი დინო ჰამზიჩმა იხსნა. ხუთიოდე წუთში უკვე სტუმართა კარი გადაურჩა გაშვებულ გოლს. გიორგი არაბიძის გასროლილი ხარიხამ უკუაგდო. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე დინამოელთა შეტევა შედეგიანად დაგვირგვინდა. ბარნს ოსეიმ საჯარიმოში გიორგი გაბედავა მოძებნა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ცხრიანში აიღო ტორპედოს კარი 0-1. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

 

მეორე ტაიმში უფრო ხისტი თამაში გაჩაღდა. მასპინძლები ცდილობდნენ სხვაობის აღდგენას, სტუმრები კი მეტად მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ტაიმის შუაში დინამოელთა კარი სანდრო კალანდაძემ იხსნა, რომელმაც ფაქტიურად დაუცველი კარიდან გამოიტანა ბურთი. მატჩის 82-ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, სტანისლავ ბილენკი მაღალ სისწრაფეზე რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, შეიჭრა საჯარიმოში და კართან მარტო მყოფი თორნიკე კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც ტორპედოს მეორე გოლი გაუტანა. 89-ე წუთზე ქუთაისელებმა ირაკლი ბუღრიძის ზუსტი დარტყმით ერთი გოლი გაქვითეს, მსაჯმა კი შეხვედრას 7 წუთი მიამატა. დარჩენილ დროში, რამაზ შენგელიას სტადიონზე მდგომარეობა უმართავი გახდა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ და ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით შეხვედრა შეწყდა. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სფფ-ს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

 

„ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება, მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა.“ - © erovnuliliga.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024