• Geo
  • Eng
29.01.2022
ჩვენი მეტოქე - ნაპრედაკი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის მეხუთე ადგლოსანი - ნაპრედაკი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მისი ნახვა კი გულშემატკივარს ჩვენი YouTube არხის მეშვეობით შეეძლება.

 

კრუშევაცის გუნდი 1946 წელს დაარსდა და 10 000- იან მლადოსტის სტადიონზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი წითელი და თეთრია. ნაპრედაკი სამი სერბული კლუბის - 14 ოქტომბრის, ზაკიჩის და ბაჯას გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. 1949 წელს კლუბმა სერბეთის პირველობა მოიგო და იუგოსლავიის ჩემპიონატის პირველ ლიგაში აღზევდა. კრუშევაცელთა საუკეთესო მიღწევად 2000 წელს იუგოსლავიის თასის ფინალში გასვლა ითვლება. ნაპრედაკმა ის მატჩი ცრვენა ზვეზდასთან 0-4 დათმო.

 

მიმდინარე ჩემპიონატში ნაპრედაკი 21 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 30 ქულით სატურნირო ცხრილის მეoთხე/მეხუთე ადგილს იყოფს ვოივოდინასთან. გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი ივან სტეფანოვიჩი ხელმძღვანელობს.

 

სერბები თურქულ შეკრებაზე 22 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა უკვე ორი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრო. 24 იანვარს ნაპრედაკმა ყაზახურ აკჟაიკს 2-0 აჯობა, ხოლო 26 იანვარს იმავე ანგარიშით, სერბებმა ასევე ყაზახურ ყიზილჟარს მოუგეს.

 

შარშან თურქულ შეკრებაზე 26 იანვარს, დინამო და ნაპრედაკი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ის მატჩი დინამომ ზორან მარუშიჩის გოლით 1-0 მოიგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024