• Geo
  • Eng
20.10.2021
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი | მატჩამდე

დღეს ბათუმში ეროვნული ლიგის 30- ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც გათამაშების პირველადგილოსანი მეორეადგილოსანს უმასპინძლებს. ბათუმელთა და თბილისელთა პაექრობა 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

მეტოქე - დინამო ბათუმი

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებია ლურჯი და თეთრი. დღეისათვის (15 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, ახალგახსნილ ბათუმი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2-7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0-5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბათუმელებმა 2019 წლის ჩემპიონატში 21 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მიიღეს. იგივე შედეგი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც გაიმეორა და ახალშექმნილი კონფერენს ლიგის საგზური მიიღო. თავად ტურნირზე გუნდმა სან მარინოს ტრე პენე დაჯაბნა, შემდეგ ბორისივოს ბატეს აჯობა და გათამაშების მესამე ეტაპი თურქულ სივასსპორთან დათმო.  

 

 

დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მეოთხე სეზონია ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია გეგუჩაძე მუშაობს. მისი გუნდი 29 ტურის შემდეგ დაგროვილი 63 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

 

 

ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 63 მატჩიდან 41 მტკვრისპირელებმა მოიგეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 12 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 125/57 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. ცხრაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 მორჩა, ექვსჯერ კი შეხვედრები 2-0 და 3-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის მესამე წრეში, 1 ივლისს თბილისში შეხვდა. მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა, სტუმრთა კარში გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ჰუსეინ გოჩეკი გახლავთ. მისი ასისტენტები ჯ. ელბილი და მ. ე. თუღრალი იქნებიან. მეოთხე მსაჯი ა. აფციაური გახლავთ. დისკავლიფიკაციის გამო შეხვედრას ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი პაპავა გამოტოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024