• Geo
  • Eng
06.07.2021
ბაქოელთა მატჩისწინა პრესკონფერენცია

დინამო თბილისთან გასამართი, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, ბაქოს ნეფთჩის მთავარმა მწვრთნელმა, სამირ აბასოვმა ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სამირ აბასოვი: წლების შემდეგ ნეფთჩის სახელის ასეთი რანგის ტურნირზე წარმოდგენა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობას.

არ დავმალავთ, რომ ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ღელვა. როგორიც იცით, ჩემპიონთა ლიგა მასშტაბური ტურნირია და მეტ ძალისხმევასა და ნერვულ დაძაბულობასაც მოითხოვს. იმედი გვაქვს, ეს დაძაბულობა ხვალ, მატჩის დაწყების წინ მოიხსნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კლუბი, გულშემატკივარი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მეტოქე გუნდს გარკვეული უპირატესობები გააჩნია, რადგან საქართველოში ჩემპიონატი ამჟამადაც მიმდინარეობს და ისინი ფორმაში არიან, თუმცა ჩვენ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ, სადაც ფიზიკური კონდიციების აღდგენას შევეცადეთ და დღევანდელი დინამოსთან გასამართი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ.

კახა ცხადაძისგან, როგორც მწვრთნელისგან ბევრი რამ ვისწავლე, მის კარიერას, სამწვრთნელო ფილოსოფიას და სათამაშო სტილს კარგად ვიცნობ და ეს ხვალინდელ დაპირისპირებაში გარკვეულწილად გამომადგება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის ტაქტიკას დავაკოპირებ. მეტოქეს ჩემს სათამაშო სქემას შევთავაზებ.

ვიცით, რომ დინამო თბილისი მოკლე პერიოდში ბევრი მატჩის ჩატარებას და მჭიდრო კალენდარს განიცდის, ჩვენ კი პირიქით, უთამაშებლობა და სეზონის დასრულების გამო, ოფიციალური მატჩების არარსებობა გვაღელვებს. შევეცდებით, ეს ჩვენს უპირატესობად ვაქციოთ.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ გუნდს გარკვეულ რგოლებში აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები და ამაზე საუბარი კორექტული არ იქნება. თუმცა, შევეცდებით ორივე ეს კომპონენტი პრაქტიკაში კარგად გამოვიყენოთ. ჩამოსვლამდეც და ახლაც, ვცდილობთ მაქსიმალურად შევისწავლოთ მეტოქე და მათი კვალიფიციური მწვრთნელის გამო, არ შეიძლება დინამო თბილისს იოლ მეტოქედ მოვეკიდოთ და ასე  მარტივად შევხედოთ.

გასაგებია, რომ მოახლოებული მატჩი დაძაბულობის ფონზე წარიმართება. ჩვენ გავეცანით მეტოქის სათამაშო სქემასა და ტაქტიკას, თუმცა ერთია თეორია და მეორე პრაქტიკაში ცოდნის გამოყენება. მე კარგად ვიცნობ კახა ცხადაძესაც, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მქონია და მისი უნარ-ჩვევები ჩემთვის კარგად არის ცნობილი. ღსანიშნავია ისიც, რომ დინამო თბილისს ხანგრძლივი ისტორია და ტრადიციები აქვს, ისევე, როგორც ჩვენს გუნდს, ამიტომ ხვალ რთული და დაძაბული მატჩი გველის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024