• Geo
  • Eng
06.07.2021
დინამოელთა მატჩისწინა პრესკონფერენცია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის წინ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - კახა ცხადაძემ და კაპიტანმა გიორგი პაპავამ პრესკონფერენცია გამართეს და ბაქოს ნეფთჩისთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს.
- ფილიპ ორშულას გუნდში აყვანა შეცდომა იყო. რაც შეეხება ლუკა გაგნიძეს, არავითარ შემთხვევაში არცერთ ნიჭიერ და ახალგაზრდა ფეხბურთელს კარიერულ წინსვლაში და უფრო მაღალ დონეზე თამაშში ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება ვიქტორ მონხილს, მას კლუბის დატოვება სერიოზული ოჯახური პრობლემების გამო მოუწია. მას წასვლა დიდი ხნის განმავლობაში სურდა, უბრალოდ ვთხოვეთ, რომ რამდენიმე შეხვედრაში ეთამაშა და დინამო ბათუმთან მატჩის შემდეგ დაგვტოვა.
გუნდის გაძლიერება რთული პროცესია და ბიუჯეტზეც არის დამოკიდებული, ამავე დროს, დინამიკაში მყოფი ფეხბურთელი ამჟამად ძალიან ცოტაა, ამიტომ უახლოეს დღეებში ახალი ტრანსფერების განხორციელება არ იგეგმება.
ნეფთჩი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელმაც წელსაც რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა. რაც შეეხება შანსებს, პროცენტებზე ლაპარაკი არასერიოზული იქნება. მთავარია, მოედანზე გასვლისას მეტოქის ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და სისუსტეები კარგად გამოვიყენოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.
ნეფთჩი ძალიან სერიოზულად გამართული გუნდია, რადგან მათ ყარაბაზის მრავალწლიანი ჰეგემონია დაასრულა და მათ წინააღმდეგ ძალიან ყურადღებით თამაში გვმართებს.
მართალია, მე წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ვმუშაობდი, თუმცა ეს ხვალინდელ შეხვედრაში მე უპირატესობას ვერ მომანიჭებს, ვინაიდან მას მერე 6 წელია გასული და ბევრი რამ შეცვლილია. უშუალოდ მეტოქისგან რთულ თამაშს ველით. სტილით, ნეფთჩი ჩვენთან მიახლოებული გუნდია, ისინიც 3 ცენტრალური მცველით თამაშობენ ჩვენს მსგავსად. მათ ჰყავთ ძლიერი შემტევი ხაზი და ძალიან გამართული სათამაშო სტილი.
ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ეროვნულ ლიგაში დინამო ბათუმთან გამართული შეხვედრის წინა ტური გადადებულიყო, ვესაუბრე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რათა ტური გადადებულიყო, ლევან კობიაშვილი თანახმა იყო, თუმცა ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. თანახმანი იყვნენ გორის დილას და ქუთაისის ტორპედოს წარმომადგენლებიც, გორელები როგორც ევროტურნირების მონაწილენი, თუმცა დინამო ბათუმმა სურვილი არ გამოთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეტოქეს ევროსარბიელისთვის მოსამზადებლად ერთკვირიანი სრული ციკლი ექნებოდა. ეს არ მოხერხდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024