• Geo
  • Eng
19.03.2021
თელავი - დინამო | მატჩამდე

33- ე ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი თელავში, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან გამართავს. მატჩი კავკასიონი არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი თელავი 2016 წლის 19 ივნისს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ლეგენდარული გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ატარებს, თუმცა ამჯერად სტადიონზე რეკონსტრუქცია იგეგმება და კახელები მეტოქეებს თელავში, კავკასიონი არენაზე უმასპინძლებენ. თელაველებმა ასპარეზობა რეგიონალ ლიგაში დაიწყეს და გარდამავალ ჩემპიონატში მესამე ლიგის საგზური მოიპოვეს. 2017 წელს მესამე ადგილზე დაასრულეს პირველობა და პლეი ოფის ორმატჩიან დუელში გურია (2-1, 1-1) დაამარცხეს. 2018 წელს თელაველებს პროგრესი არ შეუნელებიათ და მართალია ლიგა 2- ში საპრიზო ადგილი ვერ მოიპოვეს, თუმცა ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალს უწიეს, სადაც ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. 2019 წელს თელავმა ეროვნული ლიგა 2- ის ბრინჯაო ირგუნა და პლეი ოფში რუსთავს ორივე შეხვედრა (1-0, 2-1) მოუგო. ამრიგად ახალგაზრდა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და 2006/2007 სეზონის შემდეგ, კახეთმა პირველად წარადგინა გუნდი ეროვნულ ლიგაში. 

 

 

მწვრთნელი

თელავის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წლის ზაფხულიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ გოცირიძე მუშაობს. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ დაგროვილი 12 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.

დინამო და თელავი აქამდე ამხანაგურ მატჩებში ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 2019 წლის 20 იანვარს დიღმის ბაზაზე 1-1 დასრულებულ მატჩში (გოლები ფრან კარბიამ და ლაშა კუკუჯანაშვილმა გაიტანეს) და 15 ნოემბერს დინამო არენაზე უგოლოდ დამთავრებულ შეხვედრაში. რაც შეეხება ოფიციალურ მატჩებს, 2020 წლის სეზონში ეს გუნდები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორჯერვე გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დღევანდელ შეხვედრას ირაკლი ხერხაძე წარუძღვება. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და ი. კაკაბაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ბ. ნინუა შეასრულებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024