• Geo
  • Eng
21.02.2021
დინამომ სუპერთასი მერვედ მოიგო

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საიუბილეო - მეოცე სუპერთასის მატჩი გაიმართა. სლავა მეტრეველის სახელობის ტროფეის მოსაპოვებლად ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი დინამო და საქართველოს თასის მფლობელი გაგრა დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი გაგრამ პირველივე წუთზე შექმნა, გურამ სამუშია დინამოს მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა. საპასუხოდ ზორან მარუშიჩის თავური არ გამოდგა ზუსტი. მე- 13 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ თავით გიორგი ქობულაძემ გაიტანა გოლი. დინამომ უმატა შეტევებს და მიჯრით ორი სახიფათო საჯარიმოც ჩააწოდეს ნომინალურმა მასპინძლებმა, მე- 16 წუთზე ბაქარ ქარდავას თავური ოდნავ აცდა დავით კერესელიძის კარს. დინამომ ბევრი შეტევა განახორციელა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

მეორე ტაიმი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე დავით კობოურმა ითამაშა ტექნიკურად, შეიჭრა საჯარიმოში მარა საბოლოოდ ზუსტად ვერ დაარტყა. ცოტახანში კი კობოურის იგივე აქტიურობა, გადაცემა ზორან მარუშიჩზე და სერბმა ფორვარდმა სტატუს ქვო აღადგინა. შეხვედრის 62- ე წუთზე ისევ კობოურის აქტიურობა და მარუშიჩის დარტყმული ბოლო მომენტში კერესელიძემ მოიგერია. დინამოს აქტიურობას მეორე გოლი 67- ე წუთზე მოჰყვა. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუციამ ზუსტი პასით გიორგი გაბედავა მოძებნა, დინამოს ფორვარდმა კი შორეულ კუთხეში ძლიერი დარტყმით დედაქალაქელები წინ გაიყვანა 2-1. შეხვედრის 78- ე წუთზე გაგრამ კუთხური მოაწოდა და ლუკა ნოზაძემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო 2-2 მორჩა და პენალტების სერია დაინიშნა.

პირველი თერთმეტმეტრიანი ხოსიტაშვილმა შეასრულა და დააწინაურა თავისი გუნდი, შემდეგ კი სპორკსლეიდმა გაათანაბრა. ამის მიყოლებით კაკიაშვილმა, კუციამ, ჩადუნელმა და მონხილმა გაიტანეს გოლები. მარკოზაშვილის დარტყმული კვასხვაძემ მოიგერია და შემდეგ დინამოს გოლკიპერმა, რომელიც სუპერთასზე მეშვიდე მონაწილეობით გათამაშების რეკორდსმენი გახდა თავადვე ზუსტად შეასრულა პენალტი. შემდეგ მაქაცარიამ გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი დარტყმა გაბედავამ შეასრულა და დინამო თბილისმა საქართველოს სუპერთასი მერვედ მოიპოვა.

 

 

დინამო  2-2 (5-4 პენ)  გაგრა

 

გოლი: 0-1 ქობულაძე 13’  1-1 მარუშიჩი 47’  2-1 გაბედავა 67’  2-2 ნოზაძე 78’ 

გაფრთხილება: ჩადუნელი 49’  მექვაბიშვილი 90’

 

დინამო: კვასხვაძე, პაპავა, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, რადინი, კობოური (იაშვილი 79), სპორკსლეიდი, ქარდავა (კუცია 58), გაბედავა, მარუშიჩი (ახვლედიანი 79)

გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, კიკაბიძე (მუმლაძე 59), სულთანიშვილი (კაკიაშვილი 59), ხაბელაშვილი (იონანიძე 65), მაქაცარია, ქობულაძე, ვეკუა (მარკოზაშვილი 71), სამუშია(საჯაია 71)

 

მსაჯი: ი. ხერხაძე (ქუთაისი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024