• Geo
  • Eng
04.02.2021
ჩვენი მეტოქე - ლუდოგორეცი

დღეს დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეხუთე სპარინგ შეხვედრას გამართავს. თბილისელთა მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი - ლუდოგორეცი რაზგრადი იქნება. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

ლუდოგორეცი 1945 წელს დაარსებული კლუბია, რომელმაც რაზგრადული 5 პატარა კლუბი გააერთიანა. თავის საშინაო მატჩებს ჩვენი მომავალი მეტოქე ჰუვეფარმა არენაზე ატარებს, რომელიც 10 500 მაყურებელს იტევს. ლუდოგორეცის საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. 1990 წელს კლუბმა შეიცვალა სახელი და დაერქვა - ანტიბიოტიკი, თუმცა 2006 წელს, ისე რომ უმაღლეს ლიგაში არასდროს უთამაშია, კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს საფეხბურთო კლუბი რაზგრადი2000  ლუდოგორეცის სამართალმემკვიდრე გახდა და სახელიც გადაერქვა. 2011 წელს არწივებმა (ლუდოგორეცის ზედმეტსახელი) ბულგარეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს და ამასთან ერთად სეზონის ბოლოს ისტორიული შედეგიც აჩვენეს მოიგეს რა ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. იგივე ტრიუმფი ლუდოგორეცმა 2014 წელს შესთავაზა თავის გულშემატკივარს.

სულ ბულგარულ კლუბს ცხრაჯერ აქვს მოგებული ეროვნული ჩემპიონატი (2011/2012 – 2019/2020), ორჯერ თასი (2011/2012, 2013/2014) და ოთხჯერ (2012, 2014, 2018, 2019) ბულგარეთის სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რაზგრადულმა გუნდმა ორჯერ - 2014/15 და 2016/17 წლების სეზონზე იასპარეზა.

ლუდოგორეცის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამ წლის დასაწყისიდან ლიეტუველი ფეხბურთის სპეციალისტი - ვალდას დამბრაუსკასი მუშაობს. მისი გუნდი ბულგარეთის მიმდინარე პირველობაზე 16 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 39 ქულით ტრადიციულად სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

ლუდოგორეცი 10 იანვრიდან თურქეთში იმყოფება შეკრებაზე და რამდენიმე მატჩი უკვე ჩაატარა კიდეც. ბულგარელებმა 20 იანვარს პირველი შეხვედრა ბაჩკა ტოპოლასთან გამართეს და 2-1 იმარჯვეს. 23 იანვარს ლუდოგორეცს მეტოქეობა შახტარმა გაუწია, სპარინგი კი ყაიმით 2-2 მორჩა. 27 იანვარს ჩვენმა მეტოქემ პირინი 2-0 დაამარცხა. 30 იანვარს ლუდოგორეცმა კიევის დინამოს 2-1 აჯობა. ბოლოს რაზგრადული გუნდი 31 იანვარს გადახალისებული შემადგენლობით ტოლიატის აკრონთან 1-2 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024