• Geo
  • Eng
14.09.2020
დინამო უელსურ გუნდს მესამედ შეხვდება

დინამო ევროასპარეზზე უელსურ გუნდს მესამედ შეხვდება.

თბილისელთა მდიდარ საევროთასო ისტორიაში ჩვენი გუნდი უელსელებს პირველად 1976 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში შეხვდა. 15 სექტემბერს კარდიფ სიტიმ ადრიან ალსტონის გოლით 1-0 მოუგო დინამოს. საპასუხო შეხვედრაში კი 29 სექტემბერს რეკონსტრუირებულ და განახლებულ დინამო არენაზე 100 000 გულშემატკივრის თანდასწრებით დინამოელებმა 3-0 დაჯაბნეს მეტოქე. გოლები ვლადიმერ გუცაევმა, დავით ყიფიანმა და ფირუზ კანთელაძემ (პენ) გაიტანეს.

ვალიელებთან გზა მეორედ 2011 წელს გადაიკვეთა. უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დინამო ლანელის შეხვდა. 14 ივლისს პარკ ი სკარლეთსის სტადიონზე მასპინძლები ჯორდან ფოლოუსის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა დავით ოდიკაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი გოლი გაქვითა 2-1. დინამომ ლანელის საკუთარ კედლებში 21 ივლისს უმასპინძლა. თბილისელებმა მეტოქეს 5-0 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ დინამოს ფორმით თავისი სადებიუტო გოლები ჩისკო მუნიოსმა სწორედ უელსელებთან გაიტანა. ლანელის კარი ასევე ალბერტ იაგუემ, რობერტინიომ და კარლეს კოტომ აიღეს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი ქონას ქი ნომედსის წინააღმდეგ 17 სექტემბერს რექსემში შედგება. მატჩი რეისქურს გრაუნდზე თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020