• Geo
  • Eng
19.08.2020
დინამო - ტირანა | მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ალბანური “ტირანას” და "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელების, ემანუელ ეგბოსა და კახა ჩხეტიანის პრესკონფერენცია შედგა.

იქიდან გამომდინარე, რომ დინამო სახლში თამაშობს, ვფიქრობ, ეს მათთვის ოდნავი უპირატესობა იქნება. საორგანიზაციო კუთხე ჩვენ  უფრო მეტად და რთულად შეგვეხო, რადგან სტუმრად თამაში გვიწევს და მოსაგვარებელი ბევრი საკითხია. ამ ყველაფრის მიუხედავად, შევეცდებით თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

ჩვენი კლუბის პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული. მან იგულისხმა, რომ ის ჯგუფი და ბადე, რომელშიც მოვხვდით, საკმაოდ რთული მეტოქეებით იყო დაკომპლექტებული. აქ ისეთი გამოცდილი გუნდები იყვნენ, როგორებიც თელ-ავივის “მაკაბი”, “ყარაბახი” და “ასტანა” არიან, “დინამო” კი სათამაშო ხარისხით ჩვენი დონის გუნდია.

საქართველოში 17-წლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი და შემიძლია ვთქვა, რომ არამარტო საფეხბურთო კუთხით, მთლიანად ქალაქი და ქვეყანა საგრძნობლად არის განვითარებული. მოხარული ვარ, რომ თბილისი ასე დადებითად შეცვლილი დამხვდა.

“დინამო” საინტერესო და ბრძოლისუნარიანი გუნდია. შანსები 50/50-ზეა. აქ უბრალოდ ფეხბურთის სათამაშოდ არ ჩამოსვულვართ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ისე, საინტერესო დამთხვევაა, რომ 17 წლის წინაც, “დინამოს” ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში მოუწია. თუმცა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და შეხვედრისთვის სრულფასოვნად უნდა მოვემზადოთ.

კორონავირუსის პანდემია არამხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის რთული იყო, განსაკუთრებით აღდგენითი პროცესი, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მხრივ. თუმცა, ფორმაში შევედით და ჩემპიონებიც გავხდით. მართალია, “დინამო” ჩემპიონატში ახლაც გამოდის, თუმცა დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ ტიტულის მოგება ვიზეიმეთ. ასე რომ, შანსი ორივე გუნდს ექნება, ჩვენ კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ”. – თქვა ნიგერიელმა სპეციალისტმა.

 

ამის შემდეგ პრესკონფერენცია დინამოელებმა გამართეს. ჟურნალისტების კითხვებს კახა ჩხეტიანმა უპასუხა:

“ხვალინდელი მატჩისთვის გუნდში საბრძოლო განწყობაა. წინასწარ შანსებზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს.  მართალია, სტადიონზე ქომაგი არ დაიშვება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრის ხმას გავიგონებთ.

არ აქვს მნიშვნელობა ერთი მატჩის ჩატარება გვიწევს თუ ორის, ყველა შემთხვევაში, მოედანზე მოტივირებული და მომზადებული უნდა გამოვიდეთ.  მატჩების რაოდენობა არაფერს არ ცვლის. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და კარგად უნდა გავაცნობიეროთ. შეხვედრის თითოეული წუთი მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული უნდა ვიყოთ.

ჩვენს მეტოქეს გუნდში ჰყავს ბრაზილიელი, არგენტინელი და ინგლისელი ფეხბურთელები, ისინი გუნდის ლიდერები არიან და შემტევ ხაზს საგრძნობლად აძლიერებენ.

მატჩამდე ჩვენი მეტოქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოვიძიეთ, ყველა დეტალი განვიხილეთ. ყველაფერი კარგად გვაქვს დაგეგმილი, მთავარია, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოვიყენოთ და ქომაგი გავახაროთ.

მართალია, ჩვენ ეროვნულ ლიგაში გამოსვლა გვიწევს, მეტოქისთვის კი სეზონი დასრულებულია, მაგრამ მათ ბოლო მატჩის შემდეგ დიდი პაუზა არ ჰქონიათ თასის ფინალი ითამაშეს, რის მერეც გუნდი 6-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათი უმეტესობა ისეთი იყო, რომელსაც აქამდე თამაში ხშირად არ უწევდათ. პირიქით, “ტირანამ” შევსება მიიღო და ვფიქრობ მათი შემადგენლობა უფრო გაძლიერდა. სასიამოვნოა, რომ მატჩების ჩატარება გვიწევს და ტონუსში ვართ.

ბოლო მატჩი, რომელიც “თელავთან” ჩავატარეთ, კმაყოფილების საფუძველს არ ტოვებდა, მაგრამ არც მოედნის ხარისხი იყო აღსაფრთოვანებელი. ეს ფრე არაფერს ცვლის. მორიგი რიგითი მატჩი ჩავატარეთ და ამით არაფერი სრულდება. სამწუხაროდ ეროვნულ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში მოტივაცია სხვადასხვაა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და თუკი მაღალ მიზნებზე ბრძოლა გვსურს, ყველა შეხვედრას თანაბარი შემართებით უნდა მივუდგეთ”

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024