• Geo
  • Eng
24.06.2020
საბურთალო - დინამო | ურთიერთშეხვედრები

ხვალ 25 ივნისს თითქმის 4 თვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი საქართველოს ჩემპიონს უმასპინძლებს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება, რეგულაციებიდან გამომდინარე კი შეგახსენებთ, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

ეს გუნდები საქართველოს ჩემპიონატში 16- ჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, სამი მატჩი ფრედ დასრულდა და ხუთჯერ საბურთალომ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 26/14 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა - გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს. მეორე წრის თამაში 17 ივნისს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა და ლურჯ-თეთრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი პაპუნაშვილმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს. მესამე წრის შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2017 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა და საბურთალოს გამარჯვებაც დაფიქსირდა. სტუმრებმა 4:1 აჯობეს დინამოს. გოლი საბურთალოს კარში ლაშა თოთაძემ გაიტანა. 2017 სეზონის ბოლო მატჩი საბურთალოსთან დავით პეტრიაშვილის სტადიონზე ჩატარდა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 15 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმავე ანგარიშით გაიმარჯვა საბურთალომ 17 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში. 16 სექტემბერს დინამომ 2:1 დაამარცხა მეტოქე. გიორგი რეხვიაშვილმა ავტოგოლი მიითვალა, გამარჯვება კი ლევან შენგელიას დარტყმას მოჰყვა. 26 ნოემბერს საბურთალომ თამაში 2:1 მოიგო. ჩვენი კლუბიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. 2019 წლის პირველი მატჩი ამ გუნდებმა 31 მარტს გამართეს და დინამომ 4:2 დაამარცხა მეტოქე. ლევან კუტალიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ფრან კარბიამ გაიტანა. მეორე შეხვედრა კი 20 მაისს საბურთალომ 2:0 მოიგო. 2 ოქტომბერს ჩატარებულ მატჩში დინამომ 2:1 ნიკა ნინუას დუბლით იმარჯვა. 27 ოქტომბერს მესხზე გამართული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020