• Geo
  • Eng
13.05.2020
ევროსეზონი 1980/1981 და თბილისელთა ტრიუმფი

1981 წლის 13 მაისი დინამო თბილისის და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. 1980 წელს დაწყებულ ევროსეზონზე დინამო თბილისის გარდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მონაწილეობა ასევე მოსკოვის სპარტაკმა, მოსკოვის დინამომ, კიევის დინამომ და დონეცკის შახტიორმა მიიღეს. ვნახოთ რა შედეგი აჩვენა თითოეულმა გუნდმა ევროასპარეზზე.

 

 

ჩემპიონთა თასი - მოსკოვის სპარტაკი

 

 

1979 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული მოსკოვის სპარტაკი გახდა, შესაბამისად წითლებმა უეფას ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის საგზურიც მიიღეს. პირველ წრეში 17 სექტემბერს, ჩრდილოელთა გუნდს არ გასჭირვებია ლუქსემბურგის ჩემპიონის - ჟენეს ეშის ბარიერის დაძლევა და საფეხბურთო ტერმინი, რომ გამოვიყენოთ სპარტაკმა „იოლად გაისეირნა“. რუსულმა გუნდმა წყვილში გამარჯვებულის ბედი ფაქტიურად პირველივე თამაშის პირველ ტაიმში გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც შესვენებაზე სამგოლიანი უპირატესობით გავიდა. იური გავრილოვმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა და ნახევარ საათში დუბლიც გაიფორმა. პირველი ტაიმის ბოლოს ვაგიზ ხიდიატულინმაც გამოიჩინა თავი. შეხვედრის მეორე ნახევარში გავრილოვმა კიდევ ერთი გოლი 68- ე წუთზე გაიტანა, წერტილი კი გეორგი იარცევმა დასვა 5-0. 1 ოქტომბერს საპასუხო მატჩმა სანახევროდაც ვერ შეავსო „ლუჟნიკები“. ათ წუთში პიგატმა საკუთარ კარში გაიტანა, რასაც 24- ე წუთზე სერგეი როდიონოვმა მეორე გოლი მიამატა. ტაიმი კი იური გავრილოვის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. სპარტაკმა კიდევ ერთი გოლი შეხვედრის ბოლოს გაიტანა (გეორგი იარცევი), საერთო ჯამში 9-0 მოიგო და მეორე ეტაპზე დანიის ჩემპიონს გადაეყარა.

ესბიერგი არ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც მეორე ეტაპზე სპარტაკს შეიძლებოდა შეხვედროდა, მაგრამ გუნდსაც და მის გულშემატკივარსაც საკმაოდ მოუწია ნერვიულობა. თუმცა პირველი მატჩის შედეგი ამას ნამდვილად არ მოასწავებდა. 22 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრალურ სტადიონზე დაახლოებით 25 000 გულშემატკივარი შეიკრიბა და მასპინძელთა მიერ გატანილი სამი უპასუხო გოლი ნახა. ვაგიზ ხიდიატულინმა მე- 19 და 70- ე წუთებზე ორი გოლი გაუტანა დანიელებს, ერთი ზუსტი დარტყმაც სერგეი შავლომ 39- ე წუთზე შეასრულა. საპასუხო შეხვედრაზე, რომელიც 5 ნოემბერს ესბიერგ არენაზე შედგა, სპარტაკი ზედმეტად თავდაჯერებული და ანგარიშის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ჩავიდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ნახევრის დებიუტში იონ ლაურიდსენის ზუსტი თამაშით ანგარიში გახსნეს. 73- ე წუთზე კი ფლემინგ ივერსენმა მეორე გოლი გაუტანა მოსკოველებს და დარჩენილ დროს ნერვული ფონი შესძინა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად დანიელებმა ვერ მოახერხეს მოსკოველთა კარის მესამედ აღება და შემდეგი ეტაპის საგზური სპარტაკმა მიიღო.

¼ ფინალში სპარტაკს მეტოქეობა მადრიდის რეალმა გაუწია და ფაქტიურად ისე გამოდგა, რომ 22 ოქტომბერს ხიდიატულინის მიერ დანიელთათვის გატანილი გოლი წითელი გუნდისთვის ამ გათამაშებაში ბოლო აღმოჩნდა. მატჩი 1981 წლის 4 მარტს ჩაინიშნა და მასპინძლობა სპარტაკს ერგო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოსკოვში სტადიონი ამ დონის შეხვედრის სამასპინძლოდ მზად ვერ აღმოჩნდა და პაექრობას თბილისში პირთამდე სავსე დინამო არენამ უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა, ხოლო სახლებში წასულმა თბილისელმა გულშემატკივარმა მოგვიანებით ვესთ ჰემთან დინამოელთა გამარჯვებით ისიამოვნა. მადრიდმა საპასუხო თამაშს 18 მარტს 120 000 გულშემატკივრის თანხლებით უმასპინძლა და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ისიდრო გონსალესის დუბლით რეალმა მოსკოველებს 2-0 აჯობა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში რეალის მიერ ნახევარფინალისკენ გაკაფული გზა სტადიონის ტრიბუნებიდან 200 000- მა გულშემატკივარმა იხილა.

მადრიდის რეალმა ორი მატჩის ჯამში მილანის ინტერი 2-1 დაამარცხა, ფინალი კი ლივერპულთან 0-1 დათმო.

 

უეფას თასი - დონეცკის შახტიორი, დინამო კიევი და დინამო მოსკოვი

 

 

დონეცკელთა საევროთასო მოგზაურობა ხანმოკლე გამოდგა. შახტიორს პირველ ეტაპზე ფრანკფურტის აინტრახტი შეხვდა. 17 სექტემბერს დონეცკის ცენტრალურ სტადიონზე 44 000 გულშემატკივრის თვალწინ შახტიორმა იმედისმომცემი გამარჯვება იზეიმა. მატჩის 23- ე წუთზე ვიტალი სტარუხინმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და კლაუს ფუნკს კარიდან მოუწია ბურთის გამოტანა. უკრაინელებმა მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს და იმედიანად გაემგზავრნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. საპასუხო პაექრობა პირველ ოქტომბერს ფრანკფურტში ვალდშტადიონზე შედგა და 24 000 გულშემატკივრით გამხნევებულ გერმანელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ანგარიში მე- 4 წუთზე ბერნდ ჰოლცენბაინმა გახსნა, 38- ე წუთზე კორეელმა ლეგიონერმა ბუმ კუნ ჩამ აინტრახტი წინ გაიყვანა, წერტილი კი შეხვედრაში აზიელმა ფორვარდმა 72- ე წუთზე დასვა. ამრიგად დონეცკელებმა ვალდშტადიონზევე დაასრულეს ევრო გათამაშება.

 

 

კიევის დინამო ტურნირის პირველ ეტაპზე ბულგარულ ლევსკის შეხვდა. 17 სექტემბერს კიევის სანახევროდ სავსე ოლიმპიურ სტადიონზე სტუმრებმა გახსნეს აგარიში. 26- ე წუთზე ემილ სპასოვმა, როგორც შემდეგომში გაირკვა ბულგარელთათვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ლეონიდ ბურიაკმა შეხვედრის 38- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ ვლადო დელჩევს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა, თუმცა დინამოელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. 1 ოქტომბერს გეორგი ასპარუხოვის სახელობის სტადიონზე 35 000 გულშემატკივრით შეგულიანებულმა ლევსკიმ კარი მშრალად შეინახა, თავად არ გაუტანია და მომდევნო ეტაპზეც გავიდა. კიეველები კი დონეცკელებთან ერთად ხელმოცარულნი დაბრუნდნენ სამშობლოში.

 

 

მოსკოვის დინამომ ევროთასზე გამოსვლა ბელგიურ ლოკერენთან პაექრობით იმავე სათამაშო დღეებში გამართა. პირველი შეხვედრა მოსკოველებმა ბელგიაში დაკნამშტადიონზე ჩაატარეს. ანგარიში ვალერი გაზაევმა 28- ე წუთზე გახსნა და რუსულ კლუბს საკმაო ფორა მისცა. მატჩის დაწყებიდან ერთ საათში გოლის ავტორს ფრანგმა არბიტრმა დანიელ ლამბერმა წითელი ბარათი უჩვენა. პაექრობის 86- ე წუთზე კი ხელსაყრელი ანგარიში ვერ შეინარჩუნეს მოსკოველებმა და რენე ვერჰეიენმა თერთმეტმეტრიანით ვლადიმირ პილგუი დაამწუხრა. საპასუხო მატჩზე ლევ იაშინის სახელობის სტადიონზე მხოლოდ 11 000 გულშემატკივარი მივიდა და იხილა ბრძოლა, რომელიც საყვარელი გუნდის მიერ ბოლო წუთზე მიღებული ცივი შხაპით დასრულდა. გოლი იმავე ვერჰეიენმა შეაგდო და ლოკერენი, როგორც საფეხბურთო სამყაროში იტყვიან „ზღაპარში“ გაიყვანა 1/16 ფინალში.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე გასულ გუნდებს - ლევსკიმ მეორე ეტაპზე ორი მატჩის ჯამში აზ ალკმაართან 1-6 დათმო. აინტრახტმა მეორე რაუნდში ჰოლანდიურ უტრეხტს ორი მატჩის ჯამში 4-3 აჯობა. მესამე წრეში ფრანგულ სოშოსთან საერთო ანგარიშით 4-4 ითამაშა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლით ტურნირი სოშომ გააგრძელა. ლოკერენმა მეორე წრეში ასევე სტუმრად გატანილი გოლით შოტლანდიური დანდი იუნაიტედი გამოთიშა ასპარეზობას 1-1. ბელგიელებმა მესამე რაუნდში ესპანური რეალ სოსიედადი 3-2 დაამარცხეს და საბოლოოდ მეოთხედფინალში აზ- თან დათმეს 1-2. ალკმაარის გუნდმა იმ სეზონში უეფას თასის ფინალს უწია (სადაც იფსვიჩ თაუნთან ორი მატჩის შედეგით 4-5 დათმო) და ჰოლანდიის ჩემპიონატიც მოიგო.

 

 

უეფას თასების მფლობელთა თასი - დინამო თბილისი

 

 

თბილიელებს ხსენებულ გათამაებაზე გამოცდილება 4 წლით ადრე მიეღოთ. 1976/1977 სეზონში დინამომ კარდიფ სიტის აჯობა და მერვედფინალში ბუდაპეშტის მტკ- თან დამარცხდა. აი 1980/1981 სეზონი კი დინამოსთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის ყველაზე გამორჩეული და ტრიუმფალური გამოდგა.

დინამოელებმა ასპარეზობა 17 სექტემბერს თესალონიკში გასვლითი მატჩით დაიწყეს. გათამაშების პირველ ეტაპზე ლურჯ-თეთრები ბერნულ კასტორიას შეხვდნენ და კაფტაძოლინოს სტადიონზე 20 000 გულშემატკივრის თვალწინ უგოლოდ დაუზავდნენ. საპასუხო პაექრობა თბილისში 1 ოქტომბერს შედგა, დინამო სტადიონი კი პირთამდე გაივსო. არადა საბერძნეთში გამგზავრებამდე დინამოელებმა საბჭოთა პირველობის მორიგი ტურის მატჩი შინ ბაქოს ნეფთჩისთან დათმეს, რამაც გულშემატკივრის წყრომა გამოიწვია. სამაგიეროდ თავის ერთგულ ქომაგს დინამომ კასტორიასთან არ აწყენინა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლი ვერ გაიტანეს, თუმცა 52- ე წუთზე რამაზ შენგელიამ გახსნა ანგარიში, ხოლო საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე ვლადიმერ გუცაევმა მეორე გოლი გაიტანა და დინამომ 2-0 მოიგო.

მერვედფინალში თბილისელებს წილისყრამ ირლანდიის მოქმედი თასის მფლობელი უოტერფორდ იუნაიტედი არგუნა. 22 ოქტომბერს პირველი პაექრობა კილკოენ პარკზე 4000- მდე მაყურებლის და ძლიერი წვიმის ქვეშ შედგა. სტუმრებმა რამაზ შენგელიას მიერ მატჩის 50- ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს და წყვილში ფავორიტის სტატუსი გაიმყარეს. 5 ნოემბერს სავსე დინამო არენაზე მასპინძლებმა უგოლო პირველი ტაიმის მერე ირლანდიელებს 4 გოლი გაუტანეს და კიდევ ერთი ამდენის გატანაც მართებდათ. ანგარიში 66- ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გახსნა, 2-0 ალექსანდრე ჩივაძემ 74- ე წუთზე დააფიქსირა, ხუთიოდე წუთში ვიტალი დარასელიას დუბლი და გიორგი ჭილაიამ მატჩის ბოლოდ საფინალო ანგარიში 4-0 აანთო ტაბლოზე. უოტერფორდის მწვრთნელმა ტომი ჯექსონმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში სეზონით ადრე ლივერპულთან ჩვენი გუნდის გამარჯვებას ლოგიკური უწოდა. დინამოს კი საგაზაფხულო მეოთხედფინალურ ეტაპზე ვესტ ჰემ იუნაიტედი ელოდა.

თბილისელი გულშემატკივარი სასურველ მეტოქედ უფრო სლავიას და ნიუპორტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ საქმის გარკვევა ლონდონელებთან მოგვიწია. 4 მარტის შეხვედრა დინამოსთვის ეპოქალური და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. აპტონ პარკზე 50 000 გულშემატკივარის თვალწინ დინამომ მაღალი საშემსრულებო კლასი აჩვენა და ვესტ ჰემს ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა. ანგარიში 24- ე წუთზე ალექსანდრე ჩივაძემ გახსნა. 7 წუთში ვლადიმერ გუცაევმა აიღო ჩაქუჩების კარი. მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო რა დროსაც ლონდონელ გულშემატკივარს დევიდ კროსის გოლმა იმედი ჩაუსახა, თუმცა მომდევნო შეტევა და რამაზ შენგელიამ სტატუს ქვო აღადგინა. მატჩის 67- ე წუთზე შენგელიამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩიც დინამოს გამარჯვებით 4-1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მასპინძლებმა ოვაციებით გააცილეს. ამ ანგარიშმა დიდწილად გაარკვია ნახევარფინლისტის ვინაობაც, მაგრამ დიდძალი ინტერესი არ განელებულა და 18 მარტს დინამოს სტადიონზე 90 000 გულშემატკივარი შეიკრიბა. თბილისურ შეხვედრაში რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, რეალიზება კი სტუმრებმა, კერძოდ სტიუარტ პირსონმა 87- ე წუთზე მოახერხა და შეხვედრაც 0-1 დასრულდა.

ნახევარფინალურ სტადიაზე დინამო როტერდამის ფეიენოორდს შეხვდა და შესარჩევში პირველად პირველი მატჩი სახლში გამართა. 8 აპრილს სავსე დინამო არენა და ურთულესი მეტოქე ჰოლანდიიდან, რომელსაც თბილისელებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. ანგარიში თენგიზ სულაქველიძემ 23- ე წუთზე გახსნა, ვლადიმერ გუცაევმა კი 2-0 მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში დააფიქსირა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული გახლდათ, როდესაც სულაქველიძემ დუბლი შეასრულა და დინამომ 3-0 მოიგო. 22 აპრილს საპასუხო შეხვედრაში დე კუიპზე 40 000- მდე გულშემატკივრის თანდასწრებით ყველა რთულ მატჩს ელოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებით შესრულდა და პაექრობა ზედმეტად დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმის ბოლოს კარლ ბოუენსმა გახსნა ანგარიში, მეორე გოლი როტერდამელენმა 57- ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს. გოლი რენე ნოტენის ანგარიშზეა. საბოლოოდ თბილისელებმა შეძლეს ანგარიშის შენარჩუნება და ნანატრი ფინალის საგზური მოიპოვეს.

1981 წლის 13 მაისი - უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში დინამო თბილისი კარლ ცაის იენას დაუპირისპირდა. აღმოსავლეთ გერმანელებმა ფინალამდე საკმაოდ რთული გზა განვლეს. პირველ ეტაპზე რომა 4-3 დაამარცხეა. აქ აღსანიშნავია, რომ საპასუხო შეხვედრაზე იენელები 0-3 მარცხით გავიდნენ. მეორე რაუნდში კარლს ცაისმა ვალენსიას აჯობა საერთო ანგარიშით 3-2. მეოთხედფინალში იმავე ანგარიშით უელსური ნიუპორტ ქაუნთი დაამარცხეს და ნახევარფინალში ლისაბონის ბენფიკას აჯობეს 2-1. რაინშტადიონზე 9000- მდე გულშემატკივარი შეიკრიბა. დიუსელდორფელ ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობამ მატჩის ცოცხლად ნახვის ინტერესი მეოთხედფინალში ბენფიკასთან ფორტუნას მარცხის გამო დაკარგა. ფინალში მოასპარეზე გუნდები საბჭოთა ბანაკს, რომ წარმოადგენდნენ თავისთავად ამანაც იქონია გავლენა გულშემატკივრის დასწრებაზე. დინამოელთა საქომაგოდ რამდენიმე ასეული კაცი თბილისიდანაც გაემგზავრა და ასევე რამდენიმე ასეული ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ჩავიდა გერმანიაში. თამაშის ტრანსლირებას ევროპისა და ამერიკის 46 ქვეყანა ანხორციელებდა.

ფინალის პირველი ნახევარი გუნდებმა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში, გატანილი გოლების გარეშე განვლეს, მეორე ტაიმში კი ორივე გუნდმა უმატა შეტევებს და ანგარიში 63- ე წუთზე გაიხსნა. გერჰარდ ჰოპემ თბილისელი მცველების შეცდომით ისარგებლა და უხერხული დარტყმით გახსნა ანგარიში. გერმანელებმა უმატეს შეტევებს, რითიც დინამომ ისარგებლა და ოთხიოდე წუთში სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის დამატებით დროში გადასვლას სამი წუთი აკლდა როდესაც ვიტალი დარასელიამ ლამაზი სოლო რეიდით გამარჯვების გოლი გაიტანა გრაპენტენის კარში. რიკარდო ლატანცის საფინალო სასტვენი კი იმის მაუწყებელი გამოდგა, რომ დინამომ სანუკვარი თასი მოიპოვა. ჯილდო უეფას პრეზიდენტმა არტემიო ფრანკიმ ალექსანდრე ჩივაძეს გადასცა.

 

© ირაკლი ბუხალი - დინამო თბილისის მედია სამსახური


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024