• Geo
  • Eng
21.02.2020
დინამომ ახალწვეულები წარადგინა

ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, “დინამო თბილისის” გენერალური დირექტორი, ზაზა დოლიძე და გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი ჟურნალისტებს შეხვდნენ და ახალწვეულებიც წარადგინეს.

დედაქალაქელებმა საზოგადოებას 13 ფეხბურთელი წარუდგინეს: ხოსე პერალესი (ნომერი 1), ომარ მიგინეიშვილი (13), როინ კვასხვაძე (30),  ლუკა ლოჩოშვილი (3), ნიკა სანდოხაძე (4), გიორგი კუცია (21), ირაკლი ბუღრიძე (22), თორნიკე კაპანაძე (20), თორნიკე ახვლედიანი (29), ფილიპ ორშულა (18), ივან ტრუბოჩკინი (31), საიმონ ბენიო (19) და პერნამბუკუ (17).

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალმა თავკაცმა დასრულებული შეკრება შეაფასა და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

კახა ჩხეტიანი: "მაშინ, როცა სეზონი არ მიმდინარეობს, ცხადია გუნდი ყოველ მატჩში 100%-ით მზად ვერ იქნება. შეკრებაზე გუნდი ყოველი შეხვედრიდან შემდეგ შეხვედრამდე უფრო უმატებდა. სასიამოვნოა, რომ ამ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მიეცათ. გამოჩნდა ის ასპექტები, რომელშიც ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მახარებს ის, რომ ჩვენს გუნდში არიან როგორც ნიჭიერი ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები და ამ მხრივ, ბალანსი დაცულია.

სატრანსფერო საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე, არსებული რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ და კონკრეტული პოზიციები გავაძლიერეთ. პირველი წრის განმავლობაში დავაკვირდებით გუნდის თამაშს და ცხადია, ეტაპობრივად ჩვენი სუსტი მხარეებიც გამოჩნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, სეზონის შუაში უკვე ზუსტად გვეცოდინება თუ რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება გაძლიერება. 

როცა გუნდში მოვედი, პირველი ვისაც ვესაუბრე აკაკი შულაია იყო. ვიცოდი, რომ მას გუნდიდან წასვლის სურვილი ჰქონდა. პირადად მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც მას და მის წარმომადგენლებს შევხვდით. შულაიას ვუთხარი, რომ ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება გვსურდა. ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და მოლაპარაკებები კვლავაც მიდის, თუ ის გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით, მაგრამ ჩემი აზრით მან დრო ტყუილად დაკარგა. 

წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა ნიკა ნინუასაც, თუმცა როგორც ხედავთ ის კვლავ “დინამოშია”, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს წასვლა სურს, ჯობია ევროტურნირებს დაელოდოს და ზაფხულში გაცილებით უკეთესი პირობებით წავიდეს, ასე რომ სულ მცირე ზაფხულამდე ნინუა “დინამოში” რჩება. ის ჩვენი კაპიტანია და მას ნდობას ვუცხადებთ. 

შეკრების დროს გუნდის ძირითადი ბირთვი გამოიკვეთა და ეს ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც “დინამოში” ირიცხება. ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება კონკრეტულ შეხვედრაში ის ითამაშებს. იგივე ეხება კონკრეტულ პოზიციებსაც. თავდამსხმელის პოზიციაზე ჩვენ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს და რომელი მათგანიც უკეთ იქნება მზად, ძირითად შემადგენლობაში ის მოხვდება. რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მე ვესაუბრე ლევანს და ვუთხარი, რომ დროა ტრავმა დაივიწყოს და მოედანზე გასვლაზე იფიქროს. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მე მისი მჯერა.

23 თებერვალს სუპერთასის მატჩი გვაქვს, რომლითაც სეზონს დავიწყებთ. ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. “საბურთალო” ძლიერი გუნდია. მათ ზამთარში ბევრი ცვლილება ჰქონდათ, როგორც უშუალოდ გუნდში, ისე სამწვრთნელო შტაბში. მათთან მატჩი გულშემატკივრისთვის საინტერესო და სანახაობრივი იქნება”,-თქვა ჩხეტიანმა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ერთა ლიგის ისტორიული ნახევარფინალის შესახებაც გააკეთა: ბელარუსთან მატჩი მთლიანად ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რომელიმე დიდებული ბრძოლა საქართველოს ისტორიიდან. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ამ ყველაფერს საკადრისად აცნობიერებენ და უდიდესი წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გააკეთებენ”.

 

ზაზა დოლიძე: “ზამთრის პერიოდში გუნდის სელექციის სისტემა მთლიანად შეიცვალა, თუმცა ამისთვის ცოტა დრო გვქონდა და სამწვრთნელო შტაბის წევრები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

გუნდის შევსება არ დაგვისრულებია და სეზონის პირველი ნახევარის შემდეგ ამ მხრივ კიდევ უფრო ვიაქტიურებთ. თან ჩვენი გუნდის სუსტ პოზიციებს დავაკვირდებით და პარალელურად ყველა იმ ფეხბურთელზე ვიმუშავებთ, რომელიც ჩვენი მწვრთნელების ინტერესებში მოექცევა. სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს ამჟამად ისე არ ულხინს, რომ აქცენტი ისეთ ფეხბურთელებზე გავაკეთოთ, რომელთა გადასაბირებლადაც კოლოსალური თანხები გადავიხადოთ, თუმცა ჩვენი რესურსის ფარგლებში გუნდს მაქსიმალურად გავაძლიერებთ”,-თქვა დოლიძემ.

“დინამოს”  ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა გუნდის იმ ფეხბურთელებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა გუნდიდან წასვლაზე ხმები აქტიურად ვრცელდებოდა.

აკაკი შულაიას კარიერის ევროპაში გაგრძელება სურდა, თუმცა მას ივნისამდე “დინამოსთან” კონტრაქტი აქვს.მას გაუმჯობესებული ხელშეკრულება შევთავაზეთ, თუმცა მისი მხრიდან ამ ეტაპზე თანხმობა არ ყოფილა. ვისაუბრეთ და ვუთხარით, რომ ვაფასებთ მის პროფესიონალიზმს და ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ევროპის უმეტეს ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში წასვლის პერსპექტივა კიდევ არსებობს. ვინაიდან მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და მის პოზიციაზე ფეხბურთელები დავიმატეთ. თუ შულაია დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენი წინადადება ძალაში დარჩება. 

რაც შეეხება ნინუას, ადრეც გითხარით, რომ მას მსურველები არ აკლდა, მაგრამ “დინამოში” დარჩა და მისი კონტრაქტი ზაფხულამდე ძალაშია. 

უახლოესი მატჩი სუპერთასთან “საბურთალოსთან” გველოდება. საბედნიეროდ თბილისში თბილი ზამთარი გვაქვს. ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და მხარი დაგვიჭიროთ“,- დაასრულა ზაზა დოლიძემ

 

21.02.20  live.ge

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024