• Geo
  • Eng
12.02.2020
ჩვენი მეტოქე - ოლექსანდრია

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეექვსე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინული პრემიერლიგის გასული სეზონის პრიზიორი - ოლექსანდრია გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

ქალაქელების გუნდი 1990 წელს დაარსდა (ლოგოზე მითითებული 1948 ოლექსანდრიას საფეხბურთო მემკვიდრეობას აღნიშნავს) და საშინაო მატჩებს 7 000- იან სტადიონ ნიკაზე ატარებენ, საკლუბო ფერები ყვითელი, მწვანე და თეთრია. ოლექსანდრია თავდაპირველად პოლიგრაფტეხნიკის სახელით ასპარეზობდა და 2003 წლიდან დღევანდელი სახელწოდება მიიღო.

კლუბი 2014/15 სეზონიდან აღზევდა უკაინის უმაღლეს ლიგაში. ეროვნულ ასპარეზზე წინა სეზონში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები ითვლება ოლექსანდრიის საუკეთესო მიღწევად. გუნდმა 2015/16 სეზონზე ასევე უკრაინის თასის ნახევარფინალში გააღწია. ჩვენმა ოპონენტმა მიმდინარე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ოლექსანდრია ვოლფსბურგს (0-1, 1-3), გენტს (1-1, 1-2) და სენტ ეტიენს (1-1, 2-2) დაუპირისპირდა. მიმდინარე ჩემპიონატში ოლექსანდრია 18 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 33 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებს.

უკრაინელები თურქულ შეკრებაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 19 იანვარს სლავიასთან ფრედ 2-2 ითამაშა. 21 იანვარს 3-1 ჩერნო მორე დაამარცხეს, ხოლო 24- ში მაკედონიური გორჩე 5-0 დაჯაბნეს. 26 იანვარს სომხურ პიუნიკს 5-1 მოუგეს, 3 თებერვალს ყაზახურ ქაისართნ 1-0 ითამაშეს. 6 თებერვალს ბულგარული ლევსკი 2-1 დაამარცხეს, ხოლო 9 თებერვალს ორი მატჩი ყაზახურ გუნდებთან ჩაატარეს - ატირაუსთან 0-2 დათმეს, ხოლო ყიზილ ჟარს იმავე ანგარიშით მოუგეს. ოლექსანდრიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი - ვლდიმირ შარანი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020