• Geo
  • Eng
30.01.2020
ჩვენი მეტოქე - ვისლა კრაკოვი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონური ექსტრაკლასას წარმომადგენელი ვისლა კრაკოვი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

თეთრი ვარსკვლავი 1906 წელს დაარსდა და პოლონეთში ერთ-ერთი გამორჩეული, ტრადიიული და ტიტულოვანი კლუბია. კრაკოველები საშინაო მატჩებს 33 000- იან ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე თამაშობენ. საკლუბო ფერები კი წითელი, თეთრი და ლურჯია.

ვისლა პოლონეთში ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი გახლავთ. კრაკოველებს პოლონეთის ჩემპიონის ტიტული 14- ჯერ აქვთ მოპოვებული (1927, 1928, 1949, 1950, 1951, 1977–78, 1998–99, 2000–01, 2002–03, 2003–04, 2004–05, 2007–08, 2008–09, 2010–11). პოლონეთის თასი ვისლამ ოთხჯერ აღმართა (1926, 1966–67, 2001–02, 2002–03) წლებში. პოლონეთის სუპერთასი ჩვენმა ოპონენტმა 2001 წელს მოიგო და იმავე სეზონში პოლონეთის ლიგის თასიც მოიპოვა.

დინამო თბილისის და ვისლა კრაკოვის გზები უეფას თასის 2004/05 წლების გათამაშებისას გადაიკვეთა. კრაკოვში 16 სექტემბერს გამართული მატჩი მასპინძლებმა 4-3 მოიგეს. თბილისელთა მხრიდან გოლები კანკავამ, ალადაშვილმა და კვირკველიამ გაიტანეს. საპასუხო შეხვედრაში 30 სექტემბერს დინამომ მეტოქეს ნემსაძის და კაკალაძის გოლებით 2-1 მოუგო. დინამომ ამ მოგებით უეფას ჯგუფურ ეტაპზე შეაბიჯა.

პოლონელები თურქულ შეკრებაზე 20 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 18 იანვარს მიელეცი 1-0 დაამარცხა. 22 იანვარს მიტრესკისთან 1-1 ითამაშა. 25 იანვარს ასევე 1-1 ბათუმის დინამოსთან და შემდეგ 1-0 ვოჟდოვაცი დაამარცხა. ვისლას თავკაცი ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი მაცეი სტოლირჩუკი გახლავთ, გუნდის კაპიტანი კი ცნობილი პოლონელი ფეხბურთელი იაკუბ ბლაშიკოვსკია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024