• Geo
  • Eng
23.12.2019
კახა ჩხეტიანი დინამოს მთავარი მწვრთნელია

დინამო თბილისის მედია დარბაზში ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას დინამოს ახალი მთავარი მწვრთნელი - კახა ჩხეტიანი წარუდგინეს.

 

რომან ფიფია: ჩვენი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარმოგიდგენთ. ეს პირადად ჩემთვის და მთელი კლუბისთვის დიდი პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ესპანელ სამწვრთნელო შტაბს, რომელტა ხელშიც დინამო ჩემპიონი გახდა. მათ წასვლის სურვილი თავად ჰქონდათ და ამის რამდენიმე მიზეზიც ჰქონდა. ჩისკოს ლიცენზიის პრობლემა ჰქონდა. ფელის ვისენტეს სოციალური პრობლემები ჰქონდა, რაც შეეხება ჩისკოს, მასთან განშორება სამწვრთნელო ლიცენზიის დროულად ვერ აღების გამო მოგვიწია. ვეცადეთ არსებული პრობლემები მოგვეგვარებინა, თუმცა ამ მხრივ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. სამაგიეროდ, გვყავს ახალი, ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელსაც ჩემს პატივისცემას ვუდასტურებ. კახასთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროგრესი და განვითარება, ამიტომ ნდობას ვუცხადებთ ახალ მწვრთნელს და იმედებს ვამყარებთ. აკადემია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. აღნიშნულით კახაც დაინტერესებულია და ახალგაზრდა ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებას გეგმავს. რაც შეეხება ლეგიონერებს, ბოლო წლებში ცუდი პრაქტიკა გვაქვს. საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო ათწლეულში საქართველოში უთამაშია, ჩისკო იყო. მის გარდა თითქმის 100- ზე მეტი ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ, რომელთა ანაზღაურებაც 5 000 დოლარიდან დაწყებული 30 000-მდე იზრდებოდა, თუმცა უმეტესმა მათგანმა ვერ გაამართლა. გარდა ამისა, პრობლემა იყო ქვეყნის დონე, რაც უცხოელ ფეხბურთელებს არ მოსწონდათ და რის გამოც უარს ამბობდნენ საქართველოში ჩამოსვლაზე, ამიტომაც ლეგიონერების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დაკვირვებით უნდა ვიმუშაოთ. 9 წელია, რაც დინამოს მესაკუთრე ვარ. ამ პერიოდში გუნდი ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. ყველა მწვრთნელი, რომელმაც დინამოსთან ერთად წარმატებას მიაღწია, თავისი სურვილით წავიდა და ვერცერთ მათგანს ძალით ვერ გავაჩერებდი. დაინტერესებული ვართ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დამატებით და თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა აუცილებლად ვიმუშავებთ.

 

ზაზა დოლიძე: ჩვენ ორწლიან კონტრაქტზე და გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმაზე შევთანხმდით. ხმაურიანი პროექტი გვაქვს. კახა ჩხეტიანი დინამოს მთლიან სპორტულ მიმართულებას ჩაიბარებს და მთავარ გუნდთან ერთად აკადემიასაც უხელმძღვანელებს. ჩვენი პრიორიტეტი აკადემიის განვითარება და იქ აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირებაა. კახა ამ იდეით მოხიბლულია და მიზნის ერთად მიღწევას ვგეგმავთ. არ დავმალავთ, რომ ნიკა ნინუას აქვს საკმაოდ კარგი ვარიანტები, მათ შორის გერმანიის და იტალიის ჩემპიონატებიდან, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მის შენარჩუნებას ვაპირებთ და მხოლოდ მაშინ გავუშვებთ, როცა თავისთვის ოპტიმალური ვარიანტი ექნება, ფაქტია დაინტერესება არსებობს. რაც შეეხება ლევან კუტალიას, მას დინამოსთან კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც სხვა ფეხბურთელებთან, ისევე ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვგეგმავთ. გუნდის ესპანელ ლეგიონერებთანაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, მათი კონტრაქტი ამოწურულია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდა დინამოელების, გამოცდილი ქართველი ფეხბურთელების და ლეგიონერებისგან იდეალური სინთეზი შევქმნათ.

 

კახა ჩხეტიანი: მინდა, რომან ფიფიას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. დინამოს მწვრთნელობა დიდი პატივია, იმედი მაქვს დასახულ მიზნებს განვახორციელებთ. დინამო თბილისს აკადემიის სახით აქვს საგრძნობლად დიდი პოტენციალი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაშიც წარმატების მიღწევა შეგვეძლება. ამის ფუფუნება ყველა კლუბს არ აქვს, მაგალითად, ქუთაისის ტორპედოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, თუმცა მათ არ აქვთ შესაბამისი პირობები სწორი განვითარებისთვის. ეტაპობრივად მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება მოხდება. ვაპირებთ დინამო 2- ს შექმნას, სადაც აკადემიაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს პროფესიონალურად გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ. ლეგიონერების ჩამოყვანა საკმაოდ რთული საკითხია. ხშირად ისინი უარს ამბობენ საქართველოში თამაშზე, ისეთი ფეხბურთელის პოვნა კი რთულია, რომელიც არსებულ პირობებს დათანხმდება და თან გაამართლებს. ამიტომ, როგორც ადრე ვთქვი, უნდა ვიჩქაროთ ნელა, ანუ უცხოელი ფეხბურთელები ფრთხილად შევარჩიოთ. მინდა ჩისკოს ამ შემადგენლობის შექმნისათვის მადლობა გადავუხადო. ვეცდებით გუნდის ბირთვი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ. არსებობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება, მათ შორის როინ კვასხვაძესთან, რომელიც 5 წელია ტორპედოში თამაშობს და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს, სავარაუდოდ ის ქუთაისურ კლუბს დატოვებს და კარგი იქნება თუ მისი შემდეგი კლუბი დინამო იქნება. რაც შეეხება ოლექსანდრ აზაცკის, მას ამჟამად ტრავმა აწუხებს და ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს, ამიტომ მისი დინამოში ჩამოსვლის შანსი მცირეა.

 

live.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024