• Geo
  • Eng
01.12.2019
დინამო საქართველოს ჩემპიონია

დინამო არენაზე ეროვნული პირველობის ბოლო ტურის მატჩი შედგა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ვიტ ჯორჯის უმასპინძლა. შეხვედრაში დინამოელთა ამოცანა მკაფიოდ ჩანდა - მოგება მე- 17 ტიტულის ტოლფასი გახლდათ. ფინალის დარი მატჩი მასპინძლებმა შემართებით და აქტიურად დაიწყეს. დინამომ პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო სათამაშო უპირატესობა და შეუტია მეტოქეს. ნახევარი საათი მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა ანგარიშის გაუხსნელად მიილია. 35- ე წუთზე აკაკი შულაიას ჩაწოდებული ბურთი ეროვნული ლიგის ბომბარდირმა კარგად დაამუშავა, ტაბლოზე ანგარიში შეცვალა, მეოცე გოლი საკუთარ აქტივში ჩაიწერა და ჩემპიონატის მთავარი მეგოლეც გამოავლინა. ტაიმი დინამომ 1:0 მოიგო. მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. საბოლოოს დინამოელებმა მეორე გოლი შეხვედრის ბოლოსკენ შეაგდეს. გიორგი ზარიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მეტოქის მცველი ჩამოიცილა და გოლკიპერთან ერთი ერთზეც გავიდა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად უკეთეს პოზიციაში მყოფ არფან დაფეს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩი დასრულდა და დინამო არენას მოედანზე ზეიმის დრო დადგა. ჩვენმა გუნდმა სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი ფეხბურთელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. ფეირვერკების და საჩემპიონო მუსიკის ფონზე მთაწმინდაზე ანძა დინამოს ფერებში - ლურჯად და თეთრად განათდა. დინამო საქართველოს ჩემპიონია!

 

დინამო  2:0  ვიტ ჯორჯია

 

გოლი: 1:0 კუტალია 35’  2:0 დაფე 86’

გაფრთხილება: ნუსუევი 25’  ქავთარაძე 42’

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო, პაპავა, ქავთარაძე (ზარია 72), შულაია (დაფე 65), კუხიანიძე (შიშკა 82), ნინუა, კუტალია

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, კიკალიშვილი, ნუსუევი (ვეკუა 63), ნემსაძე, ვარძელაშვილი (თათხაშვილი 83), ხუციანიძე, მუსელიანი, მუზაშვილი (აშორდია 87), ქისიევი, სეხნიაშვილი, ნანობაშვილი

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024