• Geo
  • Eng
17.10.2019
დედაქალაქელთა ურთიერთშეხვედრები

ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზა დასრულდა და ჩვენი გუნდი 55- ე დედაქალაქური დერბისთვის განაგრძობს მზადებას. დინამო ლოკომოტივს 19 ოქტომბერს 18.00 საათზე უმასპინძლებს.

დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. აქამდე ჩატარებული 54 მატჩიდან 31- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 13 მატჩი ყაიმით დასრულდა და 10 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 90/35 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ექვსჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც 2019 წლის 17 მარტს გაიმართა, ისევ დინამოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. გოლები ლევან კუტალიამ, გიორგი ზარიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს. ერთიც ავტოგოლი ნიკა ჭანტურიას ანგარიშზეა. ყველაზე დიდი სხვაობა კი 4 აგვისტოს დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ჩატარებული მატჩი დინამომ 6:0 მოიგო. მიხეილ მესხი 2- ზე გამართულ შეხვედრაში ნიკა ნინუამ დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ - 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 15- ჯერ დაფიქსირდა. 13 ნათამაშები ყაიმიდან კი 12 უგოლოდ დასრულდა. ბოლოს თბილისური დერბი 4 აგვისტოს გაიმართა, დინამომ კი 6:0 იმარჯვე, ამაზე ოდნავ ზევით წაიკითხავდით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024