• Geo
  • Eng
21.09.2019
21 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

21 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის 28- ე ტურის შეხვედრას გამართავს. დედაქალაქელები ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას შეხვდებიან.

21 სექტემბერს დინამოს ისტორიაში 12 ოფიციალური შეხვედრა (5 ეროვნულ ჩემპიონატში, 7 სსრკ პირველობაზე) აქვს გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 8 მატჩი გამარჯვებით დაასრულა, 1 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 3 თამაში კი მეტოქემ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 28/12 დინამოელთა სასარგებლოდ.

სსრკ- ს პირველობაზე 21 სექტემბერს ჩვენმა გუნდმ პირველად 1938 წელს იასპარეზა. დინამომ ხარკოვის სპარტაკს უმასპინძლა და მეტოქეს 7:1 მოუგო. უკრაინული გუნდის კარში სამი გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა, თითო გოლი გაიტანეს მიხეილ ბერძენიშვილმა, მიხეილ მინაევმა და ლურიკ ლოლაძემ, ერთი ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – გრიგორი ხარლამოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 1948 წლის 21 სექტემბერს დინამო ვოლგოგრადს სტუმრად დაუპირისპირდა, სადაც ჩვენმა გუნდმა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე ითამაშა. 1956 წელს ჩვენმა გუნდმა სტუმრად, სვერდლოვსკის ოდო- სთან 2:4 წააგო. მეტოქის კარში ერთი გოლი შოთა იამანიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა – ედუარდ დუბინსკიმ, საკუთარ კარში ჩაჭრა. 1958 წლის 21 სექტემბერს დინამომ სტალინოს (დონეცკის) შახტარი მიიღო და მეტოქეს მშრალი ანგარიშით 2:0 სძლია. უკრაინული გუნდის კარში გოლები გივი ჩოხელმა და შოთა იამანიძემ გაიტანეს. 1975 წლის 21 სექტემბერს დინამომ ვოროშლიოვგრადის ზარიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 2:3 დამარცხდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით ვახტანგ ქორიძე და დავით ყიფიანი გამოირჩნენ. 1980 წელს თბილისში ერთმანეთს დინამო და ლვოვის კარპატი დაუპირისპირდნენ. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2:0 სძლია. გოლები რამაზ შენგელიამ და დავით ყიფიანმა გაიტანეს. 1987 წლის 21 სექტემბერს დინამომ ბაქოს ნეფთჩის უმასპინძლა. თბილისელებმა გია გურულის და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით 2:0 აჯობეს ბაქოელებს.

ეროვნულ ასპარეზზე დინამო თბილისმა 21 სექტემბერს პირველი ოფიციალური მატჩი 1995 წელს გამართა. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა და მეტოქეს 2:0 სძლია. მეტალურგთა კარში გოლები როინ კერძევაძემ და გოჩა ჯამარაულმა გაიტანეს. 2008 წლის 21 სექტემბერს დინამომ ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლა. დინამო არენაზე გამართული მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. სპარტაკის კარში გოლები გიორგი გველესიანმა, მათე ვაწაძემ, გიორგი მერებაშვილმა და ილია სპასოევიჩმა გაიტანეს. 2011 წელს დინამო სტუმრად, ქუთაისის ტორპედოსთან მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ქუთაისელთა კარში გოლი ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაიტანა. 2013 წელს ვიტ ჯორჯიას მცხეთაში ჩატარებულ შეხვედრაში 2:0 ვაჯობეთ. დორინ გოგამ და შოთა გრიგალაშვილმა გამოიჩინეს თავი. 2014 წელს ფოთის კოლხეთი მივიღეთ, რომელსაც ნიკოლოზ საბანაძის და გიორგი ჩირგაძის გოლებით 2:1 ვაჯობეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024