• Geo
  • Eng
29.08.2019
დინამომ დილას 5:0 აჯობა

დინამო არენაზე საქართველოს პირველობის 26- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ დინამოელებს მიჯრით 9 მოგება ჰქონდათ, ბოლოს კი რუსთავთან ფრედ ითამაშეს. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე- 13 წუთზე გიორგი ქიმაძის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ თავით ზუსტად ითამაშა და ანგარიშიც გაიხსნა 1:0. თბილისელებმა მეორე გოლი შეხვედრის 29- ე წუთზე გაიტანეს. ნიკა ნინუას ულამაზესი და ტექნიკური გადაცემის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა. ნოდარ ქავთარაძემ ცოტახანში ძლიერადაც გაისროლა, მაგრამ ჩოჩიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. გორელთა კიპერმა ნიკა ნინუასაც არ დაანება გოლის გატანა, როდესაც მისი საფირმო საჯარიმო მოიგერია. დილას კარს 43- ე წუთზე ერთი შეხებით ბაქარ ქარდავაც ემუქრებოდა, მისი დარტყმული მცირედით აცდა სამიზნეს და ტაიმიც მორჩა. მასპინძლებმა დიდი სათამაშო უპირატესობა მესამე გოლში 57- ე წუთზე ასახეს, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ლევან კუტალიამ დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 14 გოლით პირველ ადგილზეც აინაცვლა. ცოტახანში კუტალიას ნაცვლად მოედანზე კვამე კარიკარი შევიდა. 70- ე წუთზე სწორედ კარიკარის შეეძლო მეოთხე გოლის გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავური მეკარეს გაარტყა. დინამოელებმა გააგრძელეს შეტევები და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ორივე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ჯერ აკაკი შულაიამ ცრუმოძრაობით რამდენმე მეტოქე ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ კი კვამე კარიკარიმ ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:0. დინამომ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე აინაცვლა, მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 15 სექტემბერს ვიტ ჯორჯიასთან გამართავს.

 

 

დინამო  5:0  დილა

 

გოლი: 1:0 კუტალია 13’  2:0 ქავთარაძე 29’  3:0 კუტალია 57’  4:0 შულაია 87’  5:0 კარიკარი 88’

გაფრთხილება: ლემპტი 51’ 

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, პაპავა, ქარდავა, ნინუა (ზარია 72), ქავთარაძე, შენგელია (შულაია 77), კუტალია (კარიკარი 67)

დილა: ჩოჩიშვილი, გიორგბელიძე, მირცხულავა, ნონდი (ლემპტი 46), რაზმაძე, ფორტესი, ა. სანტოსი (კერელეიშვილი 36), გაგნიძე, ქურდაძე, გოშთელიანი, ე. სანტოსი (სპანდერაშვილი 80)

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024