დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ბენდელას თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა. დინამოს სარეზერვო გუნდმა აზერბაიჯანის ქარდაგს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა სტუმართა გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და ტაიმის ბოლომდე ასე გაგრძელდა, თუმცა ეს უპირატესობა მხოლოდ ერთ გატანილ გოლში აისახა. შეხვედრის 26 წუთზე თავი არჩილ მესხმა გამოიჩინა. კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად ვეღარ შეძლეს მეტოქის კარის აღება. ისიც აღსანიშნავია, რომ მეზობლები საკმაოდ უხეშად და ჯარიმის ზღვარზე თამაშობდნენ.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. მატჩის 61 წუთზე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა რამილ ნურიევმა და აღადგინა წონასწორობა შეხვედრაში 1:1. მატჩის 82 წუთზე არბიტრმა ორივე გუნდის შემადგენლობიდან თითო ფეხბურთელი გააძევა. უხეში თამაშისთვის ქარდაგის მხრიდან რუჰიდ უსუბოვმა მიიღო წითელი ბარათი, ხოლო დინამოდან შეპასუხებისთვის თორნიკე სტეფნიაშვილს დაატოვებინეს მინდორი. ბოლო წუთებზე დინამოელებმა ორი რეალური მოემნტი ვერ გამოიყენეს, რასაც არბიტრის მიერ დამატებულ დროში სტუმრების გოლი მოჰყვა. რუფატ მამადოვმა 92 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 2:1 ქარდაგის სასარგებლოდ.
შემდეგ შეხვედრას დინამოს დუბლები 5 თებერვალს ბენდელას სტადიონზე, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ.
დინამო (დუბლები) 1:2 ქარდაგი (აზერბაიჯანი)
დინამო: კულუა (ისიანი), თათხაშვილი, თევზაძე, ნემსაძე (ბიწკინაშვილი), გურეშიძე, სტეფნიაშვილი, კვერნაძე, ვეკუა (ცოტნე მესხი), კვარაცხელია, კობახიძე, არჩილ მესხი
ქარდაგი: მაქერზამოვი, კაჰრამანოვი, ნურიევი (ჯაბრაილოვი), ისმაილოვი, იაქუბზადე, უსუბოვი (ასკეროვი), დადაშოვი, ჰასანოვი, ჰუსეინოვი, ჰასანზადე, მეხტიევი (მამადოვი)