• Geo
  • Eng
26.08.2017
ბათუმიდან სამი ქულით

დღეს ბათუმის რაგბი არენაზე ეროვნული ლიგის 24- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო ბათუმმა დინამო თბილისს უმასპინძლა. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია სტადიონზე შექმნილი საფეხბურთო ატმოსფერო და ნალექიანი გრილი ამინდი, რომელმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი იხილა შეკრებილმა გულშემატკივარმა. მე- 5 წუთზე პირველი სახიფათო დარტყმა ბაქარ ქარდავამ განახორციელა, ბურთი ზემოდან გადაცდა მასპინძელთა კარს. საპასუხოდ თემურ ჩოგაძემაც იაქტიურა, თუმცა უშედეგოდ. ანგარიში კი მე- 9 წუთზე ლევან გეგეჭკორის უძლიერესი დარტყმისას გაიხსნა. ლევანმა დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. თბილისელებმა უმატეს შეტევებს და მიჯრით ორჯერ დაემუქრნენ ბათუმელებს. ჯერ შულაია მიქელთაძის კომბინაცია გამოდგა უშედეგო, შემდეგ კი ქარდავას დარტყმული მოიგერია შოვნაძემ. ასევე ორი სახიფათო შეტევით გვიპასუხეს მასპინძლებმა. ელგუჯა გრიგალაშვილი და თემურ ჩოგაძე აქტურობდნენ. მატჩის 30- ე წუთზე ტრავმა მიიღო გიორგი თევზაძემ და მის ნაცვლად მოედანზე ლაშა სალუქვაძე გამოჩნდა. ერთ წუთში მასპინძლებმა ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმით სტატუს ქვო აღადგინეს 1:1. ბოლო 15 წუთი ბათუმელთა უპირატესობით გაგრძელდა. ერთ მომენტში ნუკრი რევიშვილმა სახიფათოდ დარტყმული მაკრატელაც მოიგერია და ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმი უფრო ხისტად გაგრძელდა და მისი ძირითადი ნაწილი საგოლე მომენტების გარეშე აღინიშნა. ტერიტორიული უპირატესობა კი სტუმრებმა მოიპოვეს. 70- ე წუთზე ნიკა ნინუამ გაისროლა უძლიერესად, ბურთი კი სანტიმეტრებში გადაცდა შოვნაძის კარის ხარიხას. თბილისელებმა უმატეს შეტევებს და რეალური საგოლე მომენტიც ვერ გამოიყენეს. ჩაკვეტაძე-მიქელთაძე-შულაიას კომბინაციაა აღსანიშნავი. დინამოელთა სწრაფი კონტრიერიში და შულაიას ძლიერად დარტყმული ძელმა მოიგერია. თბილისელებმა საბოლოოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მოახერხეს გოლის გატანა. გიორგი ჩაკვეტაძის ზუსტ ჩაწოდებას ბექა მიქელთაძე აგვირგვინებდა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ რთული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ყველას აკაკი შულაიამ დაასწრო და დინამოს მორიგი სამი ქულა მოუტანა. ამ მოგებით დინამომ კიდევ უფრო გაიმყარა პირველი ადგილი. შემდეგ შეხვედრას თბილისელები 9 სექტემბერს დინამო არენაზე გამართავენ და ქობულეთის შუქურას უმასპინძლებენ.

 

დინამო ბათუმი  1:2  დინამო თბილისი

 

გოლი: 0:1 გეგეჭკორი 9’  1:1 გრიგალაშვილი 31’  1:2 შულაია 90+2’

გაფრთხილება: თევდორაძე 5’  სუხიაშვილი 23’  კოვტალიუკი 32’  შონია 57’  სალუქვაძე 90’

 

დინამო ბათუმი: შოვნაძე, მახარაძე, შონია, თევდორაძე (ვარშანიძე 89), სუხიაშვილი, კვირკველია, ჩოგაძე (ფლამარიონი 70), გრიგალაშვილი, ტვილდიანი, მგელაძე, კვასოვი (კვანტალიანი 82)

დინამო თბილისი: რევიშვილი, თოთაძე, გეგეჭკორი, კობოური, თევზაძე (სალუქვაძე 30), ქარდავა, ნინუა (კუცია 89), შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ქოჩლაძე 58)

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024