დინამო თბილისმა ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კონფერენციას უმასპინძლა. ორ დღიანი ღონისძიება დინამო არენაზე ჩატარდა, სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში კი, მონაწილეებმა თბილისური კლუბის საწვრთნელი ბაზა, აკადემია მოინახულეს და არენაზე დინამო თბილისის პირველი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ.
დინამო თბილისის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ატლეტიკო ბილბაომ, რეალ სოსიედადმა, ნოტინგემ ფორესტმა, ვენის რაპიდმა, ცრვენა ზვეზდამ, ყარაბაღმა, ზიმბრუმ, დინამო ბათუმმა, დინამო მინსკმა, ნოამ და პიუნიკმა მიიღეს. კონფერენციის მუშაობაში ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიების ფარგლებში დინამოს აკადემიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აკადემიის მუშაობისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაციების საშუალებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდული ფეხბურთის შესახებ საკუთარი პრეზენტაცია დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკომაც წარმოადგინა. ამას გარდა, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარ კლუბებში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების შესახებ კომენტარი თბილისის დინამო გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ გააკეთა:
„ჩვენი კლუბისთვის ძალიან საჭირო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. როგორც მოგეხსენებათ, დინამოსთვის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ამ საკითხში ევროპული გამოცდილების გაზიარება ჩვენს კლუბს განვითარებაში ძალიან დაეხმარება. მოხარული ვარ, რომ მაღალი დონის ევროპული კლუბების წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ და მადლობა მინდა გადავუხადო ECA-ს ასეთი შესაძლებლობისთვის.“
კონფერენციის დასრულების შემდეგ, თბილისური ვიზიტი ევროპის კლუბების ასოციაციის ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა პუია იაგუნიამ შეაფასა:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა დინამო თბილისს მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია ისეთი კლუბის სტუმრობა, როგორიც დინამოა. დინამო შესანიშნავ მაგალითს აძლევს დანარჩენ ევროპას მისი ხედვით, ჰქონდეს აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო აკადემია ფეხბურთელების აღსაზრდელად.“