• Geo
  • Eng
29.10.2023
დინამომ ზესტაფონში სამგურალს მოუგო

დღეს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც წყალტუბოს სამგურალმა დინამოს უმასპინძლა.

 

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებში ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს. მეხუთე წუთზე კი უკვე გიორგი ხარაიშვილის რეალური საგოლე მომენტი და მისი დარტყმული ლევან შოვნაძემ მოიგერია. ცოტახანში ჩაბელ გომესს ჰქონდა მომენტი, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა. ტაიმის შუაში თამაშმა უფრო მოედნის ცენტრისკენ გადაინაცვლა, ნახევარი საათის თავზე კი მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს ხელსაყრელი კომბინცია - იკბე გნამიენმა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. სამგურალის კიდევ ერთ შეტევაში უკვე გიორგი მაისურაძემ განმუხტა სიტუაცია. 35-ე წუთზე დინამოს კონტრშეტევა, რომელიც ანზორ მექვაბიშვილმა წამოიწყო, ზორან მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმით ანგარიშიც გახსნა. ტაიმი დინამომ მინიმალური ანგარიშით მოიგო.

 

მეორე ტაიმი საშუალოზე დაბალ რიტმში და დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით განახლდა. დედაქალაქელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ხარაიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ძელს მოხვდა. კიდევ ერთი მომენტი საბა ხვადაგიანს ჰქონდა, მისი თავური არაზუსტი გამოდგა. მატჩის 84-ე წუთზე უსმანე კამარამ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა, დინამო ორი ბურთით დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც 0-2 დააფიქსირა. შეხვედრის ბოლოსკენ დედაქალაქელთა რიგებში კამერუნელი საყრდენის ჯოზეფ იენჯოკის დებიუტი შედგა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 4 ნოემბერს დინამო არენაზე, თელავის წინააღმდეგ გამართავს.

 

მატჩს ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024