• Geo
  • Eng
25.10.2023
დასანანი მარცხი თასის მეოთხედფინალში

დღეს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს თასის მატჩი გაიმართა. დავით ყიფიანის სახელობის ტროფეის ¼ ფინალში წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

მატჩი საშუალო რიტმში და მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. პირველი რეალური სახიფათო მომენტიც დინამოელთა კართან შეიქმნა, შეხვედრის მე-6 წუთზე ბურთი ძელს გიორგი სულაქველიძემ გაარტყა. საპასუხოდ ხუთიოდე წუთში ლევან შოვნაძემ დენის ბუშნიას ძლიერი და სახიფათოდ დარტყმული კუთხურზე მოიგერია. მეთოდურად თამაში გათანაბრდა და დინამომ ბურთზე კონტროლი მოიპოვა. ნახევარი საათის თავზე გიორგი ხარაიშვილის გადაცემა და დავით სხირტლაძეს წამის მეათედი დააკლდა ბურთთან. მომდევნო შეტევაში ლაშა ოდიშარიას თავური მცველს მოხვდა და სიტუაცია განიმუხტა. შეხვედრის მე-40 წუთზე დინამოს კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც შედეგიანად ბექა დარცმელიამ შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

 

მეორე ტაიმი დედაქალაქელებმა აქტიურად განაახლეს და 51-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. დავით სხირტლაძემ ტექნიკურად ითამაშა, საჯარიმოში რამდენიმე მეტოქეს გაცდა, ბურთი ლაშა ოდიშარიას გადააწოდა, როელმაც თავის მხრივ მოჭრილი დარტყმით გაიტანა 1-1. ცოტახანში ანზორ მექვაბიშვილის და საბა ხვადაგიანის კომბინაცია საბას არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მატჩის 71-ე წუთზე თბილისელებმა გოლი გაიტანეს, თავით ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა ითამაშა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. დამატებითი დროის პირველ 15 წუთში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს და ორივე შემთხვევაში კარგად მეკარეებმა ითამაშეს. გოლი არც მეორე ექსტრა ტაიმში გასულა, დაინიშნა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია, რომელშიც სამგურალმა 5-3 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

 

მომდევნო შეხვედრას ეროვნული ლიგის 31-ე ტურში, ანდრეს კარასკოს გუნდი ამავე სტადიონზე და ამავე მეტოქესთან 29 ოქტომბერს გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024