ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის, დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა. დღეს ფინალში აჭარაბეთ არენაზე, დინამო თბილისი ვალენსიას დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი შეხვედრის 30-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით ანდრია ეკუტიძემ გაიტანა. თბილისელთა ათიანმა ვალენსიელთა საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. საერთო ჯამში ტურნირის გადამწყვეტი მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბულო წუთებში ვალენსიელებს ჰქონდათ რამდენჯერმე მწვავე მომენტი. მანამდე კი ალბერტ მადოიანს შეეძლო დინამოს ორი ბურთით დაწინაურება, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა. შედეგად მატჩის ბოლო წუთზე (ფინალი 40 წუთიანი ტაიმებით გაიმართა) თბილისელთა კონტრშეტევა და ნიკა გოლავა საფინალო ანგარიშს 2-0 აფიქსირებს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ზურა ელიავას გუნდმა აზ ალკმაარი 2-1 დაამარცხა, სფფ-ს აკადემიას 2-0 მოუგო და იმავე ანგარიშით 2-0 აჯობა მარსელის ოლიმპიკს. ნახევარფინალში დინამოს მეტოქეობა ქუთაისის ტორპედომ გაუწია, ფინალის საგზური კი დედაქალაქელებმა 4-1 გამარჯვების შემდეგ მოიპოვეს.
ბათუმის თასის დასრულების შემდეგ დედაქალაქელებმა ოქროს მედლებთან ერთად ორი ინდივიდუალური პრიზიც ჩაიბარეს:
ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა სილაკაძე
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ანდრია ეკუტიძე
U15 დინამო: დაჩი ჩოჩოშვილი, გიორგი გონგაძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, საბა ხარებაშვილი, შოთა დიაკონიძე, გიორგი კვიჟინაძე, ნიკა ბაქრაძე, ლუკა ციკოლია, საბა ხოფერია, კობა კაკაშვილი, ანდრია ეკუტიძე, ალბერტ მადოიანი, ნიკა სილაკაძე, ნიკა გოლავა, ავთო გიორგაძე, ლუკა ჯაბუა, ნიკა ადუაშვილი, საბა კვირკველია და გიორგი სამხარაძე.
მწვრთნელი - ზურაბ ელიავა
ფოტო - BatumiCup