10 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში დინამო შუქურას უმასპინძლებს. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.
ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 17 შეხვედრას ითვლის. 13 მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, 4 კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 42/12.
საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6-0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1-0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1-1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1-0 მოიგო. 2017 წლის პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4-1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე. მესამე წრის შეხვედრა დინამო არენაზე 9 სექტემბერს შედგა და მატჩის ბოლო წუთზე ენვერ ლილუაშვილის გატანილი გოლით ფრედ 1-1 დასრულდა. სეზონის ბოლოს კი გუნდები 2017 წლის 18 ნოემბერს ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დინამომ ხვიჩა კვარაცხელიას ერთადერთი გოლით 1-0 იმარჯვა. 2021 წლის პირველ წრეში დინამო 7 აპრილს ზესტაფონს ეწვია და იქ აჯობა შუქურას 2-0. გოლები გიორგი გაბედავას და თორნიკე ახვლედიანის ანგარიშზეა. 9 ივნისს გუნდები ერთმანეთს დინამო არენაზე 1-1 დაუზავდნენ. გოლი ზღვისპირელთა კარში ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა. 20 სექტემბერს ფოთში, ფაზისზე ჩატარებული მატჩში დედაქალაქელებმა ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს. ორი გოლი ზორან მარუშიჩმა გაიტანა, თითო კი ბარნს ოსეიმ და ლევან ხარაბაძემ. 2021 წლის 20 ნოემბერს დედაქალაქელებმა ზღვისპირელებს დინამო არენაზე 2-0 გიორგი გაბედავას და ზორან მარუშიჩის გოლებით მოუგეს. 2023 წლის 2 აპრილს გამართული მატჩი დინამომ გასვლაზე ბათუმში 2-1 მოიგო, გოლები კი დავით კობოურმა და ზორან მარუშიჩმა გაიტანეს. 20 მაისს გორში ვუმასპინძლეთ შუქურას და 8 გოლიანი შეხვედრა ფრედ 4-4 მორჩა. გოლები იმრანის, ალექსანდრე კალანდაძის, გიორგი ხარაიშვილის და ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა. ბოლოს კი 2 სექტემბერს თბილისის ზღვის მოედანზე ვეთამაშეთ შუქურას და 3-2 ვაჯობეთ. გოლები უსმანე კამარამ, დავით სხირტლაძემ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს.