დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე 15 წლამდე ოქროს ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა. დინამოელებმა მეტოქე ანდრია ბართიშვილის და ლუკა ციკოლიას გოლებით 2-0 დაამარცხეს.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონის ვინაობა რამდენიმე ტურით ადრე გახლდათ გარკვეული. ზურა ელიავას გუნდმა გათამაშება დიდი უპირატესობით მოიგო დააგროვა რა 65 ქულა და მეორეადგილოსან სფფ-ს ზუგდიდის აკადემიას 14 ქულით აჯობა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია და დინამოელებმა სლავა მეტრეველის სახელობის საჩემპიონო ტროფეი ჩაიბარეს. ჯილდო და ოქროს მედლები დედაქალაქურ გუნდს სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა - კახა ჭუმბურძემ გადასცა.
ამავე ტურნირზე გამოდიოდა დინამოს მეორე შემადგენლობაც (14 წლამდე გუნდი). შალვა კვარაცხელიას შეგირდებმა რეგულარულ გათამაშებაში მეხუთე ადგილი დაიკავეს და ზედა ჯგუფში გამოსვლის უფლებაც მოიპოვეს. საბოლოოდ დინამო 2-მა ტურნირი მეოთხე ადგილზე (გუნდს კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი 35-ე სკოლასთან, თუმცა შედეგის მიუხედავად მე-4 ადგილზე რჩებიან) დაასრულა.
ფოტოამბავი